საქართველოს ეკონომიკის და მდგრადი განვითარების მინისტრ გიორგი ქობულიას აზრით, სახელმწიფო პროგრამის - „აწარმოე საქართველოში“ მიზანი მეწარმეობის კულტურის განვითარება და პოპულარიზაციაა. ამის შესახებ ქობულიამ ჟურნალისტებს პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ შეფასებისას განუცხადა.
„მინდა ხაზი გავუსვა იმას, რომ პროგრამა „აწარმოე საქართველოში“ არაა გამიზნული იმისთვის, რომ ჩვენ ტოტალურად სუბსიდირება გავუკეთოთ ეკონომიკას და კომპანიებს. ეს პროგრამა გამიზნულია იმისთვის, რომ წავახალისოთ ბიზნესი, მივცეთ მათ მეტი განათლება, ხელი შევუწყოთ და ამით საქართველოში მეწარმეობის კულტურის პოპულარიზაცია გავაკეთოთ; ესაა ძირითადი მიზანი. სამი წლის განმავლობაში ჩვენ დახარჯული გვაქვს დაახლოებით, 17 მლნ ლარი; ეს არაა ისეთი თანხა, რომლისგანაც შეიძლება, ეკონომიკაზე უზარმაზარ ეფექტს ველოდოთ. ესაა წამახალისებელი პროგრამა“, - განაცხადა ქობულიამ.
ამასთან, მინისტრი იმედოვნებს, რომ მომავალში პროგრამა „აწარმოე საქართველოში“ კიდევ უფრო მოიცავს რეგიონებს. საქმე იმაშია, რომ BDO-ს მიერ პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ ინდუსტრიული ნაწილის ეფექტიანობის კვლევის მიხედვით, ბენეფიციარების დიდი ნაწილი დედაქალაქშია თავმოყრილი.
„ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ მომავალში ეს პრგრამა კიდევ უფრო მეტად იქნება რეგიონებში განვითარებული, მაგრამ კვლევაში წარმოდგენილი მონაცემების მიხედვით, პროგრამის ეფექტურობა საკმაოდ დადებითად შეფასდა. პირველ რიგში, პროგრამის ბენეფიციარმა კომპანიებმა განაცხადეს, რომ სხვანირად ვერ დაფინანსდებოდნენ; პროგრამაში მონაწილეებმა პოზიტიური წვლილი შეიტანეს ეკონომიკის ზრდაში, ასევე დასაქმებულთა რადენობის ზრდის მიმართულებით“, - აღნიშნა მინისტრმა.

























