მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"აწარმოე საქართველოში" ხელმძღვანელი სააგენტოს ახალ სტრატეგიას წარადგენს

5af9859c99230
მაია ბიწაძე
14.05.18 16:46
816
"ჩვენ ვგეგმავთ, კერძო სექტორთან გვქონდეს ძალიან ღია დიალოგი და მოვისმინოთ მათი პრობლემების, მათი ხედვებისა და გეგმების შესახებ", - ამის შესახებ დღეს სააგენტოს "აწარმოე საქართველოში" ახალმა ხელმძღვანელმა მიხელ ხიდურელმა განაცხადა. მისივე განმარტებით, კერძო სექტორის აქტიური ჩართულობა, სააგენტოს უფრო სწორი, მასზე მორგებული პროგრამების ინიცირებაში დაეხმარება.

"რამდენიმე დღის წინ გადავწყვიტე სამშობლოში დაბრუნება, რადგან დავინახე აუცილებლობა, რომ ახალგაზრდა ადამიანები ჩართულნი უნდა იყვნენ ქვეყნის განვითარებაში. დღეს საქართველოსკენ, ისე როგორც არასდროს, მიმართულია მსოფლიო ყურადღება. ეს არის ჩვენთვის ისტორიული შესაძლებლობა, რომ კიდევ უფრო გავამყაროთ საქართველოს, როგორც ინოვატორი და რეფორმატორი ქვეყნის სტატუსი, როგორც რეგიონში, ასევე მსოფლიო დონეზე.

მიმაჩნია, რომ "აწარმოე საქართველოში" არის სააგენტო, რომლის ეფექტურად მუშაობაც პირდაპირ გავლენას ახდენს ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებაზე. ჩემთვის ძალიან დიდი პატივია ვუხელმძღვანელო სააგენტოს, რომელიც დაკომპლექტებულია პროფესიონალებით და მათთან ერთად, გუნდური მუშაობის პრინციპით, ვგეგმავ მივაღწიო დასახულ მიზნებს. ჩვენ ვაპირებთ არ შემოვიფარგლოთ უკვე მიღწეული წარმატებით და გავააქტიუროთ მუშაობა იმ პროგრამების კუთხით, რაც არსებობს და ასევე წარმოგიდგინოთ ახალი პროგრამები.

ვგეგმავთ შევკრათ და კონსოლიდირება გავუკეთოთ საქართველოში საინვესტიციო პროექტებს, მოვაქციოთ ისინი საერთო პლატფორმაში. ეს ერთის მხრივ, კომერციულად უფრო საინტერესო იქნება ინვესტორებისთვის და მეორეს მხრივ, იქნება ძალიან დიდი წინ გადადგმული ნაბიჯი, საქართველოს ჯერ კიდევ განუვითარებელი და ნაკლებად განვითარებელი სექტორების გამოსაფხიზლებლად.

ასევე, ვაპირებთ გადავხედოთ საქართველოს სამიზნე საექსპორტო ქვეყნების სიას, რომ მოხდეს ქართული პროდუქციის სწორი პოზიციონირება პრიორიტეტულ ბაზრებზე.

ადგილობრივი მეწარმეობის კუთხით, სააგენტო კიდევ უფრო აქტიურად უნდა მუშაობდეს ქართულ ბიზნესთან. იმისთვის, რომ ქართულმა კომპანიამ ექსპორტზე გაიტანოს პროდუქცია, პირველ რიგში ძლიერი უნდა იყოს იმ ბაზარზე, სადაც ოპერირებს.

ასევე, ვგეგმავთ მსოფლიოში ყველაზე პრესტიჟული ფილმებისა და სერიალების გადამღები კომპანიების ჩამოყვანას საქართველოში, რადგან ქვეყანას აქვს ძალიან დიდი ბუნებრივი რესურსი და უნიკალური ლოკაციები, რომლის სწორი პოპულარიზაციისთვისაც დავგეგმავთ რიგ ღონისძიებებს.

უახლოეს მომავალში წარმოგიდგენთ სააგენტოს განახლებული სტრატეგიის პრეზენტაციას, სადაც უფრო დეტალურად მოგახსენებთ სააგენტოს მოკლე და გრძელვადიანი სამოქმედო გეგმის შესახებ“ - განაცხადა მიხეილ ხადურელმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები