მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"ახალ ევრაზიულ ხიდს ეყრება საფუძველი"

59f7211aedd62
BM.GE
30.10.17 16:50
1248
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა, აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა, თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ ტაიპ ერდოღანმა, ყაზახეთის პრემიერ-მინისტრმა ბაკიტჟან საგინტაევმა და უზბეკეთის პრემიერ-მინისტრმა აბდულა არიპოვმა ლიანდაგში სიმბოლურად ლურსმნები ჩააჭედეს, ისრები გადაიყვანეს და მემორიალური დაფა გახსნეს.

„დღეს, როდესაც რეგიონი და მსოფლიო მრავალი გამოწვევის და საფრთხის წინაშე დგას, არ არის გასაკვირი, რომ ჩვენი ქვეყნების განვითარებაზე, მათ შორის ეკონომიკური და სავაჭრო კავშირების გამყარებასა და გაფართოებაზე და, აქედან გამომდინარე, სტაბილურობაზე ორიენტირებული პროექტი ასეთ დიდ ყურადღებას იმსახურებს“, - განაცხადა ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას საქართველოს პრემიერმა გიორგი კვირიკაშვილმა. მისი განცხადებით, ქვეყნების გეოსტრატეგიული მდებარეობა, იძლევა უნიკალურ შესაძლებლობას, გახდნენ ევროპისა და აზიის დამაკავშირებელი ხიდი.

„დარწმუნებული ვარ, ახალი სარკინიგზო ხაზი მნიშვნელოვნად შეცვლის არსებულ ეკონომიკურ რეალობას და განვითარების სრულიად ახალ პირობებს შექმნის, არა მარტო ჩვენს რეგიონში, არამედ - მის მიღმა.

თამამად შეიძლება ითქვას, რომ დღეს ახალ ევრაზიულ ხიდს ეყრება საფუძველი, რომელიც არა მხოლოდ ჩვენს ეკონომიკებს, არამედ ჩვენს მოქალაქეებს დააკავშირებს ერთმანეთთან, გააუმჯობესებს და გაზრდის მათ კეთილდღეობას. ახალი სარკინიგზო მარშრუტის სრულყოფილად ამოქმედება ხელს შეუწყობს ჩვენი ქვეყნების სატრანზიტო და ლოგისტიკური პოტენციალის უკეთ ათვისებას და კიდევ უფრო განამტკიცებს რეგიონის სატრანსპორტო და სავაჭრო სტატუსს. აღსანიშნავია, რომ ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზა, სატვირთო გადაზიდვებთან ერთად, ყოველწლიურად, ერთ მილიონ მგზავრს მოემსახურება.

ახალი სარკინიგზო ხაზის ამოქმედებას მოჰყვება თანმდევი ინფრასტრუქტურის განვითარება, გამარტივდება ახალი ბაზრების ათვისება და ხელი შეეწყობა ტურიზმისა და გადამამუშავებელი სექტორების განვითარებას, შეიქმნება დამატებითი სამუშაო ადგილები, რაც ჩვენი რეგიონის მდგრადი ეკონომიკური განვითარებისა და წინსვლის საწინდარია.

ჩვენ მივესალმებით იმ დიდ პროგრესს, რომელსაც ჩვენმა ქვეყნებმა მიაღწიეს ბოლო წლების განმავლობაში. მინდა აღვნიშნო, რომ თითოეული ჩვენგანის წინსვლა ყველა დანარჩენის განვითარების, სტაბილურობის და უსაფრთხოების საწინდარია. დღეს ჩვენ არა მხოლოდ ერთმანეთის ეკონომიკასა და სავაჭრო პოტენციალს, არამედ მსოფლიოს უმსხვილეს ბაზრებს ვაკავშირებთ ერთმანეთთან. მით უფრო, რომ სწრაფად მზარდი ბაზრები და ჭარბი პროდუქცია - მათ შორის ერთობლივად წარმოებულიც - კომუნიკაციისა და ტრანსპორტირების დამატებით არხებს საჭიროებს.

საერთაშორისო გადაზიდვების სტიმულირებისა და სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავების კუთხით, ჩვენი ქვეყანა დიდ მნიშვნელობას ანიჭებს ახალი სატრანსპორტო ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებას, არსებულის მოდერნიზებას და მის ეფექტიან მუშაობას.

რკინიგზის მშენებლობასა და მოდერნიზებასთან ერთად, ჩვენ, რა თქმა უნდა, ვავითარებთ საპორტო ინფრასტრუქტურას, ასევე დიდ ინვესტიციებს ვახორციელებთ საგზაო ინფრასტრუქტურაში, რომელიც ითვალისწინებს საქართველოს მონაკვეთზე სატრანზიტო კორიდორების ოთხზოლიანი მაგისტრალის მშენებლობას. ჩვენ გვსურს, საქართველომ თავისი წვლილი შეიტანოს „აბრეშუმის გზის“ აღორძინებისა და "ერთი გზა - ერთი სარტყელის“ ინიციატივის განხორციელების საქმეში.

ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის წარმატებას მნიშვნელოვანწილად უწყობს ხელს ჩინეთთან გაზრდილი სავაჭრო-ეკონომიკური კავშირები. ჩვენ მოხარულნი ვართ, რომ ჩინეთ-ევროკავშირის სავაჭრო-სტრანსპორტო რუკაზე ეს მარშრუტი იკავებს "შუა კორიდორის" ადგილს, როგორც ამ კორიდორს უწოდა პრეზიდენტმა ერდოღანმა სულ ცოტა ხნის წინ ჩინეთში გამართულ აბრეშუმის გზის სამიტზე.

დღეს, საკონტეინერო მატარებელს ჩინეთიდან საქართველომდე, ყაზახეთის და აზერბაიჯანის გავლით, 8 დღე სჭირდება. მსურს, ვისარგებლო შემთხვევით და მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ნაზარბაევს მისი პირადი ყურადღებისთვის, რომელსაც უთმობდა და უთმობს ამ მარშრუტის განვითარებას. ვიმედოვნებთ, "ერთი გზა - ერთი სარტყელის" პოზიტიური ეფექტი გავრცელდება შუა აზიის სხვა ქვეყნებზეც. ახლა უკვე არის შესაძლებლობა, კონტეინერებმა განაგრძოს რკინიგზით მოძრაობა თურქეთის მიმართულებით. ჩვენ გვსურს, რომ ამ გზით საქართველო და ჩვენი რეგიონი მაქსიმალურად იყოს ინტეგრირებული ევროკავშირის ტრანსევროპულ სატრანსპორტო ქსელთან.

დარწმუნებული ვარ, რომ ბაქო-თბილისი-ყარსის ახალი სარკინიგზო მარშრუტი ამ მიზნის მიღწევაში მნიშვნელოვან როლს შეასრულებს.

მოგახსენებთ, რომ წელს, 28-29 ნოემბერს, თბილისში გაიმართება “აბრეშუმის გზის” (Belt and Road) მაღალი დონის საერთაშორისო ფორუმი. ეს უკვე მეორე შეხვედრა იქნება საქართველოში, რომელიც თავს მოუყრის 40-ზე მეტი ქვეყნის სამთავრობო და კერძო სექტორის წარმომადგენლებს. სწორედ ასეთი მასშტაბის შეხვედრაზე მოგვეცემა შესანიშნავი შესაძლებლობა, კიდევ ერთხელ წარმოვაჩინოთ ზემოხსენებული დერეფნის მნიშვნელობა, რა თქმა უნდა, ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის მნიშვნელობა და შესაბამისად, უმნიშვნელოვანესი გახლავთ აქ წარმოდგენილი ქვეყნების აქტიური ჩართულობა.

კიდევ ერთხელ მინდა, უდიდესი მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ალიევს დღევანდელი ღონისძიებისთვის, ასევე მსურს, მადლობა გადავუხადო ჩვენს მეგობრებს, მეგობარი ქვეყნების ლიდერებს, მთავრობის წევრებს, ასევე ყველა იმ ადამიანს, რომელთა მრავალწლიანი დაუღალავი შრომით, შესაძლებელი გახდა ამ რთული პროექტის წარმატებით დასრულება.

რა თქმა უნდა, ყველაზე მთავარი გახლავთ ის, რომ აქ წარმოდგენილი ქვეყნების ერთობის დემონსტრირება ხდება სწორედ ამ პროექტით, რასაც დღეს ვხედავ. დარწმუნებული ვარ, მსგავსი პროექტებით და რაც მთავარია, ერთმანეთის გვერდით დგომით კიდევ უფრო გავაღრმავებთ კავშირებს, რომლებიც წარმატების მომტანი იქნება ჩვენი ქვეყნებისა და ჩვენი რეგიონისთვის“, - განაცხადა პრემიერმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები