საქართველოს პრემიერ-მინისტრის, მამუკა ბახტაძის განცხადებით "ახალგაზრდობის" კომპონენტი განათლების სამინისტროდან პრემიერ-მინისტრის დაქვემდებარებაში გადადის, რაც ბახტაძის თქმით, კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს, თუ რამხელა პრიორიტეტს წარმოადგენს მთავრობისთვის ახალგაზრდების მონაწილეობა ქვეყნის პოლიტიკურ, სოციალურ და კულტურულ ცხოვრებაში.
"2019 წელს აქტიურ ფაზაში გადავა განათლების რეფორმა, რომელიც ჩვენი მთავრობის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი იქნება მომავალ წლებში. განათლების რეფორმა გრძელვადიანი პროცესია, მას 2019 წელს ექნება განსაკუთრებული როლი. ამასთან ერთად ახალგაზრდობა და ინოვაციური-ახალგაზრდული პოლიტიკა, მათი მონაწილეობა საზოგადოებრივ და კულტურულ-პოლიტიკურ ცხოვრებაში არის და მუდამ იქნება პრიორიტეტული. შესაბამისად, ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ახალგაზრდობის კომპონენტი განათლების სამინისტროდან გადმოვა პრემიერ-მინისტრის დაქვემდებარებაში, რომელიც კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს იმას, თუ რამხელა პრიორიტეტს ვანიჭებთ ახალგაზრდობას" - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

























