"ეროვნული ბანკის შესახებ" ორგანულ კანონში შესატანი ცვლილებები პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა განიხილა. როგორც მთავრობის საპარლამენტო მდივანმა შალვა თადუმაძემ განაცხადა, გასულ კვირას დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკურ საკითხთა კომიტეტზე დეპუტატების მიერ გამოთქმული შენიშვნების ძირითადი ნაწილი გათვალისწინებულია.
მისი ინფორმაციით, კანონპროექტში აღარ იქნება ჩანაწერი, რომელიც სებ-ის საბჭოს წევრებისთვის ხელშეუხებლობის გარანტიებს ითვალისწინებს. გარდა ამისა, სავალუტო ჯიხურებისთვის მოსაკრებელი არ გაიზრდება.
"რაც შეეხება "საბანკო ჯგუფის“ ცნებას, რომელიც აღნიშნულ კანონპროექტში შემოდის, ძირითადი პრინციპი არის ის, რომ თუ აქამდე ეროვნული ბანკი ახორციელებდა კერძო ბანკებზე ზედამხედველობას, ეს ახლა საბანკო ჯგუფზეც გავრცელდება. საბანკო ჯგუფში იგულისხმება ყველა ის ფინანსური ინსტიტუტი, რომელიც რაიმე სახით ასოცირდება ბანკის დამფუძნებელთან, ან ბანკთან. შესაბამისად, ეროვნული ბანკი ყველა ამ იურიდიულ პირზე განახორციელებს ზედამხედველობას და იყო მოთხოვნა, რომ აღნიშნულ ჯგუფში ცალსახად დაგვეფიქსირებინა, რომ ყოფილიყო საინვესტიციო ფონდები. აღნიშნულ შენიშვნას ჩვენ არ ვითვალისწინებთ. დანარჩენი შენიშვნები გათვალისწინებულია", - განაცხადა თადუმაძემ.
კომიტეტის სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებისთვის განმარტება ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა მურთაზ კიკორიამ გააკეთა.
"საინვესტიციო ფონდებზე ზედამხედველობა ვრცელდება იმ ნაწილში, რაც გულისხმობს ინფორმაციის მიღება-დამუშავებას. თუმცა წინა კომიტეტზე საუბარი იყო ამ ჯგუფების მიერ სხვა, არასაფინანსო სფეროში ინვესტირების აკრძალვაზე, რომელზეც გავაკეთეთ განმარტება, რომ ეს არ არის ამ კანონის და ამ ეტაპის ამოცანა და ალბათ, სხვა დროს, სხვა ფორმატშია განსახილველი", - განაცხადა კიკორიამ და დასძინა, რომ „ეროვნული ბანკის შესახებ“ კანონში შესატანი ცვლილებები ფინანსური სექტორის განვითარებისა და უსაფრთხოების საკითხებს მოიცავს.
აღნიშნული კანონპროექტის განხილვა საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტშიც იგეგმება.

























