სწრაფი კვების რესტორანი „ენდორფინი“ მესამე ფილიალს ვერ ხსნის. კომპანიაში აცხადებენ, რომ მიზეზი კადრების დეფიციტია. როგორც bm.ge-სთან „ენდორფინის“ ერთ-ერთი დამფუძნებელი მამუკა მარგიშვილი ყვება, ახალი ობიექტისთვის უკვე სამი თვეა დიღომში ფართი იქირავეს, თუმცა ამ დრომდე კადრების მობილიზება ვერ ხერხდება.
ის იხსენებს, რომ სწრაფი კვების რესტორანმა მეორე ფილიალი, დაახლოებით, ერთი წლის წინ გახსნა და მაშინ ბაზარზე მსგავსი სიტუაცია არ ყოფილა.
"ენდორფინის“ თანადამფუძნებელი იმასაც აღნიშნავს, რომ ახალი ობიექტისთვის 30 თანამშრომელი სჭირდებათ.
„ახალი ფილიალი სამი თვის წინ უნდა გაგვეხსნა, მაგრამ კადრებს ვერ ვაგროვებთ. ქირას ვიხდით, აპარატურაც შევიძინეთ, თუმცა აზრი არ აქვს, 30 ადამიანი გვჭირდება, მათ შორის: მოლარეები, მცხობელები და ა.შ. ხალხი აღარ არის, არ ვიცი სად წავიდნენ. უმეტესად CV-ებსაც არ აგზავნიან ან თუ აგზავნიან, როცა ვურეკავთ, აღარ მოდიან.
ქართველები ევროპაში ეძებენ სამსახურს, თუმცა ევროპაში არ არის ისეთი მაღალი ანაზღაურებაც; ამასთან გადასახადები ბევრად მაღალია. ჩვენი ობიექტის ხელფასები კი თითქმის ევროპის ანაზღაურებას გაუტოლდა, რადგან რა საშუალებაც გვქონდა, ხელფასები მაქსიმალურად გავზარდეთ. თუ ამ თანხის ფარგლებში ვერ ვნახეთ კადრები, ახალი ფილიალი ვერ გაიხსნება, მეტიც, შეიძლება არსებული ობიექტების დახურვაც მოგვიწიოს“, - ამბობსს ის.
"ენდორფინის" დამფუძნებლის ინფორმაციითვე, კომპანიაში საათობრივი ანაზღაურებაა. კერძოდ, ბარმენის, მიმტანის, მოლარის და დიასახლისის ანაზღაურება საათში 6.25 ლარია, ხოლო მცხობელის კი - 7.05 ლარი.
ინფორმაციისთვის: ამჟამად „ენდორფინს“ ორი ფილიალი აქვს და 60-მდე ადამიანს ასაქმებს.