ფრაქცია "ქართული ოცნება – ძლიერი საქართველოს" თავმჯდომარემ, ვაკის რაიონის მაჟორიტარმა დეპუტატმა ბიძინა გეგიძემ თბილისის გენგეგმის თანაავტორთან მერაბ ბოლქვაძესთან წყნეთის მოსახლეობის პრობლემები განიხილა.
"მოსახლეობის ნაწილმა გამოთქვა წუხილი საკარმიდამო ნაკვეთებზე სამშენებლო სამუშაოების შეზღუდვასთან დაკავშირებით. ხსენებული ტერიტორიები სწორედ კერძო საკუთრებაში არსებული სახლების მშენებლობის მიზნით გახლდათ შეძენილი. ახალი გენერალური გეგმის მიხედვით განხორციელებული ზონალური ცვლილებები კი კრძალავს ნებისმიერი ტიპის მშენებლობას კერძო ნაკვეთზე", – განაცხადა ბიძინა გეგიძემ.
მისივე თქმით, საჭიროა თითოეული საკითხის დეტალური, სიღრმისეული შესწავლა ადგილზე, მერიის შესაბამისი სამსახურების თანდასწრებით.
"იქ, ზოგ შემთხვევაში, გადაფარვებია და მერიის სამსახურებმა ეს ტერიტორია ადგილზე, დეტალურად უნდა გაიარონ. სადაც საჭიროა, ეს ნაკვეთები ხელახლა უნდა აიზომოს, კონტურები დასადგენია", – აღნიშნა დეპუტატმა.
თავის მხრივ, გენგეგმის პროექტის ავტორმა აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით განმარტა, რომ ქალაქის მიმდებარე ტერიტორიებზე მშენებლობების განვითარების მიზანი რეკრეაციულ სივრცეში ცხოვრებაა, რაც არ უნდა შეიზღუდოს თუნდაც საკარმიდამო ტერიტორიების განაშენიანებით.
"თუმცა, აღნიშნული არ გამორიცხავს ადეკვატურ ცვლილებებს გენ-გეგმით განსაზღვრული ზონების კონტურებთან დაკავშირებით. აუცილებელია, ქალაქის ხელმძღვანელობამ ჩაატაროს კვლევა, რომელიც დააზუსტებს დადგენილი ზონების კონტურებს. ამავდროულად, მუნიციპალიტეტმა უნდა განიხილოს საჭიროების შემთხვევაში ადგილმონაცვლეობის განხორციელების პერსპექტივები, რა თქმა უნდა, თანაზომიერების პრინციპის დაცვით", – განმარტა მერაბ ბოლქვაძემ.

























