მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ახალი პროგრამით კვლავ დაიწყება თუ არა k2 კოეფიციენტის გაყიდვა? - ირაკლი ხმალაძის პასუხი

641abda0b276e
გიგა ბენია
22.03.23 17:38
848

თბილისის მერიამ ისტორიულ უბნებში მდებარე ავარიული შენობა-ნაგებობის ჩანაცვლება-რეაბილიტაციის ორი ახალი პროგრამა შემუშავდა. "პირველი პროგრამით, ისტორიულ უბნებში არსებული შენობა-ნაგებობის ჩანაცვლება-რეაბილიტაციის პროცესში ბიზნესსექტორი ჩაერთვება, უშუალოდ პროექტის შედგენას, ხარჯთაღრიცხვასა და სარეაბილიტაციო სამუშაოებს კი თბილისის განვითარების ფონდი განახორციელებს.

პირველი პროგრამის მიხედვით, ბიზნესს, ავარიული სახლის მესაკუთრეებთან შეთანხმების შემდეგ, მიეცემა შესაძლებლობა, თავად მოახდინონ ისტორიულ უბნებში არსებული ავარიული შენობა-ნაგებობის ჩანაცვლება ან რეაბილიტაცია, თუმცა მხოლოდ თბილისის განვითარების ფონდის მიერ შემუშავებული დეტალური პროექტისა და ხარჯთაღრიცხვის შესაბამისად. ამის სანაცვლოდ კი მუნიციპალიტეტი მათ სთავაზობს საკუთრებაში არსებულ მიწაზე, რომელიც უნდა მდებარეობდეს აუცილებლად ისტორიული უბნების გარეთ, გასცეს მიმდებარე არეალთან შესაბამისი გეგმარებითი გადაწყვეტილება და მიანიჭოს კონკრეტული პარამეტრები. თუმცა აქვე თბილისის ვიცე-მერმა, ირაკლი ხმალაძემ bm.ge-ს შესაბამის კითხვაზე საპასუხოდ განმარტა, რომ ნებისმიერ პროექტზე კ2 კოეფიციენტის გაზრდის საკითხზე ინდივიდუალური მიდგომა იქნება.

აღნიშნული ინიციატივა საკრებულოს ოპოზიციონერმა დეპუტატმა, საბა ბუაძემ გააკრიტიკა და განაცხადა, რომ თბილისში სამშენებლო კოეფიციენტების გაყიდვა კვლავ მიზანმიმართულად დაუშვეს.

თბილისი ვიცე-მერის თქმით, k2 მოდელი ავარიული სახლების პროგრამას, ისტორიულ და ცენტრალურ უბნებში, არ შეეხება. მისი განცხადებით, არსებობს კონკრეტული ადგილები, სადაც რეფერენციული გეგმარებითი გადაწყვეტილება მიმდებარე გარემოს არ დააზიანებს.

"k2 არის მოდელი, რომელიც გადაწყვიტა ცენტრპოინტის დაზარალებული მოსახლეობის საკითხი. თქვენ იცით, რომ k2-ის გადამატება მრავალწლიანი პრაქტიკა იყო, რომელიც ჩვენ შევზღუდეთ. ეს მოდელი არ შეეხება ავარიული სახლების პროგრამა ისტორიულ და ცენტრალურ უბნებს, არსებობს ადგილები, სადაც რეფერენციული გეგმარებითი გადაწყვეტილება არ დააზიანებს მიმდებარე გარემოს. ეს გარკვეულ შემოსავალს დააგენერირებს და ამ შემოსავალს მერია ისტორიული უბნების ავარიული სახლების რეაბილიტაციისთვის გამოიყენებს," - განაცხადა ირაკლი ხმალაძემ.

"თქვენი გაცხადებული პოლიტიკა იყო და 2019 წელს K2-ის გაყიდვა აიკრძალა. როცა ეს მოდელი დაანონსდა, საკრებულოში ითქვა, რომ პირდაპირ არა, თუმცა ირიბად ხდება K2-ის გაყიდვა, თუ დავაკვირდებით მოდელს, თუკი ინვესტორი არ ჩაატარებს ავარიული შენობის რეაბილიტაციას და თანხას პირდაპირ ბიუჯეტში გადარიცხავს, k2 გაეზრდება. არ გიჩნდებათ განცდა, რომ არაპირდაპირ ხდება k2კოეფიციენტის გაყიდვა?", - ჰკითხა bm.ge-მ ხმალაძეს.

„მკაცრად რეგლამენტირებული ფორმით, თითოეული საკითხის ინდივიდუალურ რეჟიმში გადაწყვეტის ფორმატში მოხდება. არა ცენტრალურ, არა ისტორიულ უბნებში“, - თქვა ვიცე-მერმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები