მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ახალი რეგულაცია - დეველოპერებს დასუფთავების გადასახადის გადახდა დაევალათ

62d90a66a7b0c
თათია ჩაფიჩაძე
21.07.22 12:27
1517
თბილისის საკრებულომ მიიღო დადგენილება ქ. თბილისის მუნიციპალიტეტში დასახლებული ტერიტორიის დასუფთავებისათვის მოსაკრებლის შემოღების, გადახდის ინსტრუქციისა და დაგვა-დასუფთავების, ნარჩენების მართვის, ოპერატორის შერჩევის და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ნარჩენების განკარგვის წესის დამტკიცების შესახებ.”

დადგენილების მიხედვით, მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის ან მრავალბინიანი საცხოვრებელი ფუნქციის შემცველ მრავალ ფუნქციური მშენებარე ობიექტის მეპატრონეს მის ექსპლუატაციაში შესვლამდე კვ.მ-ზე 0.5 ლარის გადახდა მოუწევს, ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლის მშენებარე ობიექტისთვის ეს ტარიფი 0.1 ლარით განისაზღვრება.

ახალი გადასახადის გადახდა ბიზნესს 1 აპრილიდან გაცემულ ნებართვებზე მოუწევს.

"თბილსერვისის" დირექტორი დავით ფაჩულია ამბობს, რომ გადაწყვეტილება სექტორთან კომუნიკაციისა და შესაბამისი კვლევების ჩატარების შემდეგ იქნა მიღებული.

„კვლევა ჩატარდა და იყო არაერთი შეხვედრა დეველოპერულ ბიზნესთან, სადაც განხილული იყო ყველა ნაბიჯი, ყველა ეტაპი, როგორ უნდა ყოფილიყო ეს პროცესი და რატომ იყო საჭირო. ეს არ არის სიახლე მათთვის. რაც შეეხება საჭიროებას, დასუფთავების მოსაკრებლის დარიცხვა დღემდე ხდებოდა მხოლოდ სამშენებლო მასალისთვის, თუმცა ამის გარდა მათ წარმოეშობათ მუნიციპალური საყოფაცხოვრებო ნარჩენიც, რომელიც ხვდება მუნიციპალიტეტის მიერ განთავსებულ კონტეინერებში, ანუ მისი გატანისთვის საჭირო ხარჯს წევს მუნიციპალიტეტი.

შეიძლება ითქვას, რომ პირდაპირ ხდებოდა დედაქალაქის მოსახლეობის მიერ გადახდილი გადასახადით მათი სუბსიდირება, შესაბამისად ეს არ იყო სწორი და ამის გამო მივიღეთ ეს გადაწყვეტილება. მოხდა გაანგარიშება, რის შედეგადაც დადგინდა ერთ კუბურ მეტრზე ნარჩენების გადასახადის მოსაკრებელი. არსებობს კანონი ადგილობრივი მოსაკრებლის შესახებ, სადაც ზედა ზღვარი ფიზიკურ პირზე არ უნდა აღემატებოდეს 3 ლარს და იურიდიულზე 25 ლარს, ეს ნარჩენი, რომელიც იყო წარმოშობილი, შევაფარდეთ ამ 25 ლარს და აქედან გამოვიყვანეთ 0.5 ლარი. ეს ეხება 1 აპრილიდან გაცემულ ნებართვებს“, - განმარტა „საქმიანი დილას“ ეთერში დავით ფაჩულიამ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები