არასამთავრობო ორგანიზაცია "საზოგადოება და ბანკების” ხელმძღვანელი გიორგი კეპულაძე მიიჩნევს, რომ ივნისში ბანკების მოგების მაჩვენებლის განახევრება, შესაძლოა გარკვეულწილად ახალ რეგულაციებს უკავშირდებოდეს.
"მოგების მაჩვენებელი ცვალებადია, ის ხან იზრდება, ხან მცირდება. რაც შეეხება ახალ რეგულაციებს, ამ ეფექტს, ბანკები უფრო შემდეგ თვეებში და წლის ბოლოს იგრძნობენ, როცა მაისიდან ამოქმედებული რეგულაციები სრულად აისახება შემოსავლებზე, მოგებასა და ბრუნვაზე, თუმცა ივნისის თვის მოგების მაჩვენებელი, შესაძლოა უკავშირდებოდეს ახალ რეგულაციებს”-განუცხადა კეპულაძე bm.ge-ს.
მისის თქმით, არ არის გამორიცხული, რომ ამას, ბანკებში სამუშაო ადგილების შემცირება, ბიზნესმოდელების შეცვლა ან პრიორიტეტების გადანაწილება მოჰყვეს.
"შემდეგ თვეებში უფრო ნათელი სურათი გვექნება", - აღნიშნა კეპულაძემ.
შეგახსენებთ, რომ ეროვნული ბანკის ინფორმაციით, მიმდინარე წლის პირველ ნახევარში (იანვარ-ივნისში) საქართველოში მოქმედი კომერციული ბანკების წმინდა მოგებამ 410 მლნ ლარი შეადგინა, რაც 37.5 მლნ ლარით (8.4%-ით) ნაკლებია 2017 წლის პირველი ნახევრის მაჩვენებელზე. ცალკე აღებულ ივნისის თვეში ბანკების მოგება 50%-ით, 48 მლნ ლარით შემცირდა და 48 მლნ ლარი შეადგინა.