თიბისი ბანკის გენერალური დირექტორის მოადგილე ნიკა ქურდიანი ვარაუდობს, რომ ეკონომიკის სექტორის ბევრ მოთამაშეს, შესაძლოა, საკუთარი ბიზნეს მოდელების შეცვლა მოუწიოს. აღნიშნული შეფასება, ქურდიანმა ახალი საბანკო რეგულაციების კომენტირებისას გადაცემაში "ანალიტიკა" გააკეთა.
"ცვლილებები მხოლოდ საბანკო და საფინანსო სექტორს არ ეხება, ბევრი მოთამაშეა, რომელიც ამ თემის გარშემო სისტემაში მონაწილებს, მაგალითად ელექტროტექნიკის განვადებები. ბევრი ბენეფიციარია, რომელიც ალბათ დაფიქრდება როგორ წარმართოს თავისი ბიზნესი და როგორ შეცვალოს საკუთარი ბიზნეს-მოდელი", - აღნიშნა ქურდიანმა.
მისი თქმით, მნიშვნელოვანია ფინანსური განათლება, რადგან ადამიანმა უნდა იცოდეს როგორ დაფაროს სესხი და როგორ გაითვალისწინოს ეს ხარჯები, თუმცა ასევე მნიშვნელოვანია ადეკვატური საპროცენტო განაკვეთები და სესხის სტრუქტურა.
"ძალიან რთულია, მაგალითად ჯერ პროცენტის გადახდა და ბოლოს ძირი თანხის დაბრუნება, ამიტომ ბევრი რამ რაც კეთდება სწორი და დროულია, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანია იმის შეფასება, თუ როგორ გავლენას იქონიებს ეკონომიკაზე. არ შეიძლება ამ საკითხში სისწრაფე, შესაძლოა ამის გამო ბევრი ნიუანსი გაუთვალისწინებელი დარჩეს, ამიტომ უნდა მოხდეს კოორდინაცია და შეჯერება", - აღნიშნა ქურდიანმა.

























