„ეკონომიკური სექტორების დივერსიფიცირება და ახალი საინვესტიციო მიმართულებების განსაზღვრა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია თბილისის მდგრადი განვითარებისთვის,“ - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ „Deloitte საქართველოს“ მიერ თბილისის საინვესტიციო პოტენციალის სექტორული კვლევის წარდგენისას განაცხადა.
“ეს საკმაოდ საინტერესოა გრძელვადიანი პერსპექტივისთვის. აღნიშნულიდან გამომდინარე, თბილისის მერიის დაკვეთით „Deloitte საქართველომ“ განახორციელა თბილისის საინვესტიციო პოტენციალის სექტორული კვლევა, რომელიც თბილისში მიმდინარე ეკონომიკურ მიმოხილვას, არსებული სექტორების შეფასებას და საინვესტიციო პრიორიტეტული სექტორების იდენტიფიცირებას და ანალიზს მოიცავს.
კვლევა დედაქალაქის მდგრადი ეკონომიკური განვითარების უზრუნველყოფისათვის მნიშვნელოვანია. ჩვენ ამაზე არაერთხელ გვისაუბრია და კვლევაშიც ნათლად გამოჩნდება თუ რამდენად დიდი რესურსი გააჩნია ჩვენ ქალაქს, მაგრამ აქ მთავარი და მნიშვნელოვანი რაც არის, ჩვენ არავითარ შემთხვევაში ეს არ უნდა დავივიწყოთ,“ - განმარტა კალაძემ.
როგორც მერმა აღნიშნა, ქალაქის სწორი განვითარება უნდა მოხდეs; მისივე შეფასებით, იმ პრობლემების შედეგი, რაც წლების განმავლობაში გვქონდა, სახეზეა.
ცნობისთვის, კომპანია „Deloitte საქართველომ“ თბილისის საინვესტიციო პოტენციალის სექტორული კვლევა წარადგინა, რომელიც თბილისის მერიის დაკვეთით განხორციელდა. ღონისძიება დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ გახსნა.
კვლევა მოიცავს თბილისის მიმდინარე ეკონომიკურ მიმოხილვას, არსებული სექტორების შეფასებას, საინვესტიციოდ პრიორიტეტული სექტორების იდენტიფიცირებას და ანალიზს.
კვლევის მიხედვით, პრიორიტეტი მიენიჭა სტუმარ-მასპინძლობის, ჯანდაცვის, გართობისა და ვაჭრობის, ფარმაცევტულ და კრეატიულ სექტორებს. იდენტიფიცირებული სექტორების მიხედვით მომზადდა დეტალური რეკომენდაციები ინვესტორებისა და თბილისის მერიის სამომავლო თანამშრომლობისთვის, რაც მოიცავს სექტორში ინვესტირების ალტერნატიულ შესაძლებლობებს და მუნიციპალიტეტის მხრიდან მხარდამჭერ ღონისძიებებს.
„Deloitte საქართველომ“ იდენტიფიცირებული სექტორების მიხედვით შეისწავლა წარმატებული მაგალითები რამდენიმე ევროპული ქალაქის მიხედვით და თბილისის მერიას წარუდგინა რეკომენდაციები, როგორ უნდა მოხდეს აღნიშნული სექტორების ხელშეწყობა ინვესტიციების მოზიდვის და განვითარების მიმართულებით, მათ შორის მუნიციპალური პროგრამებით.

























