მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ახალი სკოლა თბილისში, სადაც გაკვეთილებს პროფესორები ჩაატარებენ

5ab26c77c783d
მეგი კავთუაშვილი
21.03.18 21:00
7704
კახა ბენდუქიძის „თავისუფალი უნივერსიტეტი“ ზოგადი განათლების ბიზნესში შედის და კერძო სკოლას ხსნის. „თავისუფალი სკოლა“ კახა ბენდუქიძის კამპუსში განთავსდება. სკოლა თავდაპირველად 1-6 კლასის მოსწავლეებს მიიღებს, მომავალი წლიდან კი მე-7-მე-9 კლასებიც დაემატება.

„თავისუფალი სკოლას“ სრულიად ახალი კონცეფცია ექნება. მოსწავლეებს გაკვეთილების მნიშვნელოვან ნაწილს თავისუფალი და აგრარული უნივერსიტეტების პროფესორები ჩაუტარებენ.

სკოლაში კომპიუტერული მეცნიერების შესწავლა პირველი კლასიდან დაიწყება. ინგლისური ენის გარდა მოსწავლე მეხუთე კლასიდან აირჩევს ერთ დამატებით უცხო ენას. ასარჩევი ენების ჩამონათვალში რამდენიმე ენაა, მათ შორის ჩინურიც.

როგორც სკოლის დამფუძნებლები აცხადებენ, „სკოლის მიზანია აბიტურიენტობის პერიოდში მოსწავლეებს არ დასჭირდეთ ეროვნული გამოცდებისთვის დამატებით მომზადება რეპეტიტორებთან და სკოლაში შეძენილი ცოდნით წარმატებას მიაღწიონ ერთიან ეროვნულ თუ სხვა მნიშვნელოვან გამოცდებზე.“ ამისთვის მოსწავლეებს წვდომა ექნებათ კამპუსის ყველა რესურსთან, მათ შორის, ბიბლიოთეკასთან, სასწავლო ლაბორატორიებთან, მუზეუმთან, სპორტულ კომპლექსთან, კულინარიისა და მევენახეობა-მეღვინეობის აკადემიებთან, ვეტერინარულ კლინიკასთან და თეატრალურ კლუბთან. ოთხ ძირითად საგანში (მათემატიკა, კომპიუტერული მეცნიერებები, ინგლისური, ქართული ენა და ლიტერატურა) გაკვეთილებს არაუმეტეს 12 მოსწავლე დააესწრება, დანარჩენ საგნებში კი მოსწავლეთა რაოდენობის ზედა ზღვარი 18 იქნება.

ტრადიციულ სპორტულ და კულტურულ საკლუბო აქტივობებთან ერთად მოსწავლეები მევენახეობას, რობოტიკას, კულინარიას და სხვა დისციპლინებითაც დაკავდებიან.

„თავისუფალ სკოლაში“ სწავლა ტრადიციულად 9 საათზე დაიწყება და საღამოს 5 საათამდე გასტანს. თავდაპირველად სკოლა მოსწავლეებს მიიღებს ტესტირება-გასაუბრების საფუძველზე მიიღებს. სწავლის ღირებულება წლიური 7 950 ლარი განისაზღვრა. ფასში ყველა ზემოთჩამოთვლილი მომსახურება და დაწყებით საფეხურზე ორჯერადი კვება შედის. ტრანსპორტირების ხარჯები კი გეოგრაფიული მდებარეობის მიხედვით განისაზღვრება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები