ახალი კონსოლიდირებული ტენდერის გამოცხადებამდე სახელმწიფო ორგანიზაციებს ფიჭურ სატელეფონო მომსახურებას "მაგთი" და "ჯეოსელი" მიაწვდიან. როგორც შესყიდვების სააგენტოს ვებ-გვერდზეა მითითებული, შემსყიდველმა ორგანიზაციებმა კონსოლიდირებულ ტენდერში გამარჯვებული კომპანიებისგან მომსახურება 2017 წლის პირველ აპრილამდე უნდა შეისყიდონ.
"გაცნობებთ, რომ ფიჭური სატელეფონო მომსახურების უწყვეტობისა და საბიუჯეტო სახსრების რაციონალური ხარჯვის პრინციპიდან გამომდინარე, 2017 წლის 27 თებერვლის საქართველოს მთავრობის #362 განკარგულების შესაბამისად, შემსყიდველ ორგანიზაციებს დაერთოთ ნება CON150000078 კონსოლიდირებულ ტენდერში გამარჯვებულ მიმწოდებლებთან (შპს „მაგთიკომი“, შპს „ჯეოსელი“) ურთიერთშეთანხმების საფუძველზე ფიჭური სატელეფონო მომსახურების სახელმწიფო შესყიდვა განახორციელონ CON150000078 კონსოლიდირებული ტენდერის პირობების შესაბამისად, 2017 წლის 1 აპრილამდე",- აცხადებენ შესყიდვების სააგენტოში.
როგორც "ბიზნესკონტრაქტს" შესყიდვების სააგენტოში განუმარტეს, ჯერჯერობით უცნობია, როდის ჩატარდება ახალი კონსოლიდირებული ტენდერი ფიჭური სატელეფონო მომსახურების მისაღებად.
შეგახსენებთ, რომ პირველად გამოცხადებულ კონსოლიდირებულ ტენდერში მონაწილეობა მხოლოდ „ბილაინმა“ მიიღო და კომპანია ტენდერიდან მოხსნეს. შესყიდვების სააგენტომ მაშინ განაცხადა, რომ კომპანია ტენდერით გათვალისწინებულ პირობებს ვერ აკმაყოფილებდა და კონსოლიდირებული ტენდერი ხელმეორედ გამოცხადდებოდა. "ბილაინმა" აღნიშნული გადაწყვეტილება გააპროტესტა და სასამართლოსაც მიმართა.
კონსოლიდირებული ტენდერი განსხვავდება გამარტივებული ტენდერისგან. მას ატარებს სპეციალური კომისია, რომელიც სხვადასხვა უწყების ხელმძღვანელი პირებისგან შედგება. კონსოლიდირებული ტენდერის შედეგად სახელმწიფო 5 სახეობის საქონელს ყიდულობს, ესენია: ქაღალდი, ავტომობილების საბურავები, საწვავი, ფიჭური კავშირგაბმულობა და კომპიუტერული ტექნიკა. ეს ნიშნავს, რომ ტენდერში გამარჯვებული კომპანიებისგან შესაბამის მომსახურებას ყიდულობს ყველა სახელმწიფო შემსყიდველი და ამ საქონელთან დაკავშირებით დამატებითი ტენდერები არ ტარდება.

























