საკრებულოს ფრაქციის თავმჯდომარეს მოადგილე ეყოლება და ეს ანაზღაურებადი პოსტი იქნება. შესაბამის ცვლილებებს „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექი“ ითვალისწინებს, რომელიც საპარლამენტო უმრავლესობის წევრებმა გრიგოლ ლილუაშვილმა, ოთარ დანელიამ და დავით სონღულაშვილმა მოამზადეს.
დოკუმენტის განმარტებით ბარათში წერია, რომ კანონპროექტის მიზანია გაძლიერდეს მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქციები, რათა მათ უკეთ შეძლონ თავიანთი პოლიტიკური კურსის გამოხატვა და გატარება საკრებულოს უფლებამოსილებას მიკუთვნებულ საკითხებთან დაკავშირებით.
„ამასთანავე თავიდან იქნეს აცილებული საკრებულოს ფრაქციების საქმიანობის შეფერხების რისკი, იმით რომ განხორციელდება მუნიციპალიტეტის ფრაქციის თავმჯდომარის უფლებამოსილებათა გადანაწილება თავმჯდომარესა და თავმჯდომარის მოადგილეებს შორის და თავმჯდომარის არყოფნა არ შეაფერხებს ფრაქციების ნორმალური საქმიანობის პროცესს“, - აღნიშნულია განმარტებით ბარათში.
ამასთან, ცვლილებების მიხედვით დადგინდება, რომ ფრაქციის თავმჯდომარეს შეიძლება ჰყავდეს ფრაქციის ყოველ ხუთ წევრზე ერთი მოადგილე, მაგრამ არაუმეტეს სამი მოადგილისა, ხოლო ფრაქციის თავმჯდომარისა და ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილის არჩევის წესი და უფლებამოსილება განისაზღვრება ფრაქციის წესდებით.
კანონპროექტის მიღება გავლენას მოახდენს ნაერთი ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე.
„ვინაიდან, წარმოდგენილი ინიციატივის მიხედვით ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილე ემატება თანამდებობის პირების ჩამონათვალს, რომლის მაქსიმალური ოდენობა ერთ ფრაქციაზე შეადგენს არაუმეტეს ოთხს, ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის მიხედვით, კი, მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანამდებობის პირის საქმიანობა ანაზღაურებადია, 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შედეგებისა და საკრებულოს თანამდებობის პირების არსებული შრომის ანაზღაურების საშუალო მაჩვენებლის გათვალისწინებით, 64 მუნიციპალიტეტის ბიუჯეტების ხარჯვით ნაწილზე ინიციატივის გავლენის ჯამური ოდენობა შეადგენს დაახლოებით 226 600 ლარს თვეში“, - ნათქვამია კანონპროექტში.
კანონპროექტი დეპუტატებმა დღეს პირველი მოსმენით განიხილეს, თუმცა კენჭისყრა გადაიდო.

























