ევროპულმა მედიაგიგანტმა Axel Springer-მა Telegraph Media Group-ი £575 მილიონ გირვანქა სტერლინგად, ანუ $765 მილიონ დოლარად შეიძინა.
აღსანიშნავია, რომ Telegraph-მა არჩევანი მათზე იმიტომ შეაჩერა, რომ ის წინა, Daily Mail-ის შეთავაზებაზე, £500-მილიონიან შეთავაზებას თითქმის 100 მილიონით აღემატებოდა.
კიდევ ერთი მიზეზი, რატომაც მოახერხა Axel-მა მედიის ყიდვა იყო ის, რომ ბრიტანეთის მთავრობა Telegraph-ისა და Daily Mail-ის შერწყმას თავიდანვე პრობლემურად აღიქვამდა და აცხადებდა, რომ ასეთი გარიგებით მედიის პლურალიზმისა და კონკურენციის წესების დაირღვეოდა.
Axel Springer-ის აღმასრულებელი დირექტორის, მათიას დოფნერის განცხადებით, ეს შესყიდვა კომპანიის დიდი ხნის ოცნება იყო, რომლის განხორციელებასაც 20 წლის წინაც ცდილობდნენ. გერმანული მედიაჯგუფი, რომელიც უკვე ფლობს ისეთ გამოცემებს, როგორებიცაა Politico, Business Insider-ი, Bild-ი და Die Welt-ი, გეგმავს Telegraph-ის "უნიკალური ხასიათისა და მემკვიდრეობის" შენარჩუნებას, პარალელურად კი აპირებს ბიზნესის გაფართოებას და მისი გავლენის გაზრდას აშშ-ის ბაზარზე.
ცნობისთვის, Telegraph Media Group-ი, რომელიც Daily Telegraph-ს, Sunday Telegraph-სა და Telegraph Magazine-ს აერთიანებს, 2023 წლიდან მფლობელის გარეშე იყო დარჩენილი. წინა მფლობელების, ძმები ბარკლეების დავალიანების გამო, კომპანია Lloyds Banking Group-ის მფლობელობაში გადავიდა. მას შემდეგ გაყიდვის რამდენიმე მცდელობა ჩაიშალა, მათ შორის ამერიკული საინვესტიციო ჯგუფის, RedBird Capital-ის შეთავაზება, რადგან, როგორც მოგვიანებით გაირკვა მას მხარს არაბთა გაერთიანებული სამეფოს მონარქები უჭერდნენ.
ბოლო თვეებში გარიგების დადების მთავარ კანდიდატად Daily Mail-ის გამომცემელი ითვლებოდა, თუმცა ბრიტანეთის კულტურის მდივანმა, ლიზა ნენდიმ, გარიგების შესწავლა დაიწყო და დაადგინა, რომ ეს შეთანხმება ქვეყანაში აზრთა მრავალფეროვნებას შეზღუდავდა. Daily Mail-ის მფლობელმა Axel Springer-ს წარმატება უკვე უსურვა, თუმცა აღნიშნა, რომ ბრიტანეთის "მოძველებული რეგულაციების ჩარჩო" ადგილობრივ მედიაბრენდებს განვითარებაში ხელს უშლის.



























