მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Axis Towers-ი - არქიტექტურა, როგორც ხელოვნება

62a9a468e9b74
BM.GE
15.06.22 13:25
1155
თბილისს ახალი ლენდმარკი აქვს. ეს Axis Towers-ია, რომელიც არა მხოლოდ ჭავჭავაძის გამზირზე, არამედ მთელ დედაქალაქში თანამედროვე არქიტექტურის გამორჩეული ნიმუშია. წარმოიდგინეთ, რომ ქვემოდან უყურებთ ორ ცათამბჯენს, რომელიც ერთმანეთის იდენტურიცაა და ამავე დროს, განსხვავებული. კოშკების თითოეული სართული ერთმანეთის მიმართ სარკისებურად ბრუნავს და ქმნის იმ შთამბეჭდავ სანახაობას, რასაც Axis Towers-ი ჰქვია.

შენობის სამი ძირითადი კომპონენტი

„Axis Towers-ი“ მოდერნისტული ნაგებობაა, რომელიც 3 ძირითადი კომპონენტისგან შედგება:

I კომპონენტი პიედესტალი და ორი კოშკია, რომელთა სიმაღლე 147 მეტრს აღწევს. შენობა სულ 41 სართულს ითვლის - 4-ს მიწის ქვეშ, ხოლო 37-ს მიწის ზემოთ.

II - კოშკები ფორმით იდენტურია, თუმცა ამავე დროს, ერთმანეთისგან განსხვავდებიან კიდეც. ეს განსხვავება კი მასალათა შორის კონტრასტია. ერთი კოშკი ქვისაა, მეორე - მინის; ერთი თეთრია, ხოლო მეორე - მუქი ფერის. ეს იძლევა საშუალებას, კოშკები გასცდნენ ე.წ. ტყუპების ვიზუალს და უფრო საინტერესონი გახდნენ.

III - კოშკების თითოეული სართული ბირთვის გარშემო 2 გრადუსით ბრუნავს, თუმცა ერთმანეთის საპირისპიროდ. ეს მოცემულობა უნიკალურს ხდის შენობას, რადგან იგი თბილისს სხვადასხვა წერტილიდან განსხვავებულად ჩანს..




მაღალტექნოლოგიური, ენერგოეფექტური და ნაკლებად აალებადი მასალები

სამშენებლო სფეროში განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია, გაჰყვე თანამედროვე ტექნოლოგიებს. Axis Towers-ის გუნდს თავიდანვე სურდა, რომ თეთრ კოშკს ქვის ეფექტი ჰქონოდა, თუმცა უცხოელმა პარტნიორებმა ბუნებრივ ქვას, კლიმატური პირობებისა და მასალის ტექნიკური მახასიათებლების გამო, რეკომენდაცია არ გაუწიეს. შესაბამისად, ისინიც ტექნოლოგიური განვითარებისკენ წავიდნენ და იტალიურ კომპანია „ლამინამს“ დაუკავშირდნენ. ეს ფილები - მარმარილოს ფაქტურით - ბუნებრივ კომპონენტებს მოიცავს. მარმარილო ფილებს სასურველ სითეთრეს აძლევს, ხოლო გრანიტი სიმტკიცეს სძენს. ასე რომ, Axis Towers-ის ფასადისთვის გამოყენებული კერამიკული ფილები, ფაქტობრივად, ყველანაირ დატვირთვას უძლებს და ამავდროულად, მსუბუქიცაა.

შავი კოშკის შემთხვევაში, არქიტექტორებს შემდეგი ამოცანა ჰქონდათ: შენობა, მაქსიმალურად, მუქი ფერის მინის ტიპის შესახედაობის უნდა ყოფილიყო. შესაბამისად, სართულშუა გადახურვის ფილები უნდა შემოსილიყო ისეთი მასალით, რომელიც მინასთან მიახლოებული იქნებოდა. ამისათვის, Axis Towers-ის არქიტექტორთა გუნდმა „მიცუბიშის“ კომპოზიტური პანელები აირჩია.

ხარისხისა და გამძლეობის გარდა, სამშენებლო მასალების შერჩევის პროცესში, ენერგოეფექტურობის ფაქტორიც გათვალისწინებულია. ენერგოეფექტურობა, პირველ რიგში, ფასადთან არის დაკავშირებული. ამისათვის, გამოყენებულია ე.წ. დაბალემისიური მინა, რომელიც, რა თქმა უნდა, მშენებლობისთვის უფრო მაღალბიუჯეტურია, თუმცა უკეთესია, რადგან ნაკლები თბოდანაკარგი აქვს. ის ინარჩუნებს სითბოს და აკავებს სიცივეს, რაც კომუნალური ხარჯების დაზოგვის გარდა, ცენტრალური გათბობისა და კონდიცირების ეფექტურად მუშაობას უწყობს ხელს.




შენობის ბრუნვის ეფექტი და კონსტრუქციული სირთულე

არქიტექტურულად, შენობის ყოველი მომდევნო სართული, ქვედასთან შედარებით, 2 გრადუსით არის მოტრიალებული. კონსტრუქციის ცენტრში მონოლითური სიხისტის, ძალიან დიდი ბირთვია, რომლის დიამეტრიც 13 მეტრს შეადგენს. სწორედ ბირთვშია განთავსებული საევაკუაციო კიბის უჯრედები, ლიფტები, კომუნიკაციები და ა.შ. მის გარშემო განლაგებულია 12 ცალი დიდი ზომის პილონი, რომელსაც მთელი შენობა უჭირავს. გეგმას ზემოდან რომ დავხედოთ, საათის ციფერბლატს მოგვაგონებს. ბრუნვის ეფექტი კონსოლების ხარჯზე მიიღწევა.

გარდა იმისა, რომ ბრუნვის ეფექტის მიღწევა კონსტრუქციულად ისედაც საკმაოდ რთულია და მაღალტექნოლოგიურ სამუშაოებს საჭიროებს, მოგეხსენებათ, ბინებს კომუნიკაციები სჭირდებათ: სველ წერტილებს, სამზარეულოს... როგორც წესი, ეს ყველაფერი ერთ ხაზზე იკინძება, თუმცა გამომდინარე იქიდან, რომ არც ვერტიკალურად და არც ჰორიზონტალურად არცერთი სართული არ იყო იდენტური, თითოეული მათგანის ინდივიდუალური დაგეგმარება გახდა საჭირო. ეს ძალიან დიდ სირთულეს ქმნიდა, თუმცა Axis Towers-ის გუნდი ამ გამოწვევასაც ღირსეულად გაუმკლავდა.



საცხოვრებელი კომპლექსის უნიკალურობა

საცხოვრებელი კოშკი ბევრი რამით არის გამორჩეული. ერთ-ერთი პირველი ფაქტორი, ალბათ, ეზოა, რომელიც შენობის მე-7 სართულზეა განთავსებული. საცხოვრებელი ბინები სწორედ ამ ნიშნულიდან იწყება.

ეს დახვეწილი ტექნოლოგიაა და მაცხოვრებლებისთვის მნიშვნელოვან დამატებით კომფორტს წარმოადგენს, განსაკუთრებით, იმის გათვალისწინებით, რომ ჭავჭავაძის გამზირზე მიწა ძალიან დიდი ფუფუნებაა. ეს იდეალური ადგილია ბავშვების სათამაშოდ და მოსასვენებლად. სხვათა შორის, ეზოში საკმაოდ მაღალტანიანი ხეებია, რომელთა სიმაღლე 5 მეტრსაც კი აღწევს.

გარდა ამისა, შენობაში ცენტრალიზებული სავენტილაციო სისტემა და ცენტრალიზებული გათბობაა.




გამორჩეული ინტერიერი

Axis Towers-ის სტუმარს ერთი შეხედვითაც მოხვდება თვალში შენობის ინტერიერი, რომელიც ყველასაგან განსხვავებულია. ასეთი ბიზნესტიპის შენობებში ყოველთვის სტანდარტულ, სოლიდურ დიზაინს ვხვდებით, მაგრამ Axis Towers-ი მნახველს ე.წ ლოფტის ტიპის დიზაინით აკვირვებს, რაც ერთგვარი ექსპერიმენტი და ინოვაციაა. ღია ჭერსაც ბევრგან შეხვდებით. თუმცა, ამ სიახლეების პარალელურად, სოლიდურობაც დაცულია, რასაც დიდწილად, ბუნებრივი მარმარილოს ქვა განაპირობებს. გარდა ამისა, ინტერიერში გამოყენებულია სხმული ბეტონი, მინისა და ლითონის ელემენტები, უჟანგავი ლითონის პანელები და სხვადასხვა თანამედროვე, დეკორატიული პანელი. უსაფრთხოების გათვალისწინებით, მშენებლები მაქსიმალურად ერიდებოდნენ მარტივად აალებადი მასალების გამოყენებას.

სამუშაო პროცესში Axis Towers-ს მოწვეული ჰყავდა ერთ-ერთი წამყვანი ფრანგი დიზაინერი კრისტოფ პილე, რომელიც ქართველი დიზაინერების აქტიური ჩართულობით მუშაობდა. რაც მთავარია, სამუშაო პროცესის თითოეულ ეტაპზე პირადად იყო ჩართული დეველოპერი. ამ ყველაფრის შედეგად, შენობის დიზაინი ერთდროულად არის თანამედროვე და მყუდრო, კომფორტული და ტექნოლოგიური, ეფექტური და ფუნქციონალური. ეს ის შეფასებებია, რომელთაც Axis Towers-ი არა მხოლოდ პროფესიონალებისგან, არამედ კომპლექსის თითოეული სტუმრისგან იღებს.

(NS)

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები