მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„ახლა სუბსიდირების პროგრამიდან გასვლისთვის ყველაზე კარგი დროა“ - მეხორბლეთა ასოციაცია

60c871c7c2de4
ვიქტორია მღებრიშვილი
15.06.21 16:13
1104
საქართველოს მთავრობამ აპრილიდან პურის ფასის შენარჩუნების მიზნით, ფქვილის სუბსიდირების მექანიზმის მესამე ეტაპი დაიწყო, რომლის მიხედვით, 1 ტომარა პურის ფქვილი, სამიზნე ფასის - 53 ლარის შენარჩუნებისთვის, 20 ლარით დაასუბსიდირა. პროგრამა 3-თვიანი იყო და აპრილს, მაისსა და ივნისს მოიცავდა. ამ პერიოდის შემდეგ დარგის წარმომადგენლები იმედოვნებდნენ, რომ ხორბლის ახალი მოსავლის აღების სეზონის მოახლოებასთან ერთად, საერთაშორისო ბაზარზე ხორბლის ფასი შემცირდებოდა.

გაგრძელდება თუ არა პურის ფასის შენარჩუნების მიზნით სუბსიდირების პროგრამა და როგორია დღეს ბაზარზე ხორბალზე არსებული ფასები - ამ კითხვებით BM.GE-მ საქართველოს ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციის ხელმძღვანელს ლევან სილაგავას მიმართა.

ის განმარტავს, რომ მსოფლიოს ბაზარზე, მათ შორის საქართველოსთვის, მთავარ საექსპორტო ქვეყანაში ხორბალზე ფასები ახალი სეზონის მოახლოებასთან ერთად შემცირდება, შესაბამისად, სუბსიდირების პროგრამიდან გასვლისთვის სახელმწიფოსთვის ახლა ყველაზე ხელსაყრელი დროა.

„მესამე ეტაპის სუბსიდირების პროგრამით 1 ტომარა ფქვილის ფასი 68 ლარი იყო და იმისთვის, რომ მეპურეებს ერთი ტომარა ფქვილი 53 ლარად მიეღოთ, სახელმწიფომ ის 20 ლარით დაასუბსიდირა. როგორც ვპროგნოზირებდით, მოსავლის აღებასა და ახალი მარკეტინგული წლის დაწყებასთან ერთად, საექსპორტო საბაჟო გადასახადის შემცირებასთან ერთად, რაც პირველ ივნისამდე 50 ევროს შეადგენდან, დღეს მცურავი ბაჟის პირობებში განახევრებულია. დღეს 1 ტონა ხორბლის ფასი საექსპორტო ბაზარზე 260 დოლარია, მაშინ როდესაც 280 დოლარი იყო, თუმცა მოლოდინია, რომ ხორბალი კიდევ უფრო გაიაფდება და 250 დოლარზე ჩამოვა.

ხორბლის ფასის ცვლილებამ 1 ტომარა ფქვილის ღირებულებაც შეამცირა და დღეს მისი საშუალო ფასი დღეს 60 ლარის ფარგლებშია. ახალი მოსავლის აღება რუსეთში ჯერ დაწყებული არ არის და ველით, რომ ეს ფასი შემცირდება. სამიზნე ფასამდე (53 ლარი) 7 ლარია დარჩენილია.

სუბსიდირების საკითხი ჩვენი გადასაწყვეტი არ არის. სახელმწიფომ უნდა გადაწყვიტოს, გაგრძელდება თუ არა სუბსიდირება პურის ფასის შესანარჩუნებლად. ამ დღეებში სოფლის მეურნეობის სამინისტროში ჩვენი, მეპურეებისა და სამინისტროს წარმომადგენლების შეხვედრის გამართვა იგეგმება და ვიმსჯელებთ გაგრძელდება თუ - არა სუბსიდირება.

ჩემი აზრით, ახლა სუბსიდირების პროგრამიდან გამოსვლისთვის ყველაზე კარგი დროა. მიუხედავად იმისა, რომ ჯერ კიდევ კრიტიკული პერიოდია, რადგან ხორბლის მომწიფების პერიოდი ახლაა და მოსავლების პროგნოზებზე მოგვიანებით შეიძლება საუბარი, თუმცა მოლოდინი ნორმალურია და ლარის კურსიც დასტაბილურებულია“, - განაცხადა ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციის ხელმძღვანელმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები