მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

აზარაშვილის განცხადებით, კლინიკების მრავალმილიონიან კოვიდხარჯებს ფინანსური პოლიცია იძიებს

641864c4b0c98
BM.GE
20.03.23 17:49
941
ჯანდაცვის სამინისტრო COVID-ის მართვაში ჩართულ კლინიკებს მილიონობით ლარს ედავება. ჯანდაცვის მინისტრმა, ზურაბ აზარაშვილმა BMG-ის კითხვაზე განაცხადა, რომ საქმეების დიდ ნაწილს ამჟამად ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური იძიებს.

ჯანდაცვის მინისტრის თქმით, ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გამოწერილი მსხვილი ჯარიმების გადახდას რამდენიმე კლინიკა დათანხმდა, ხოლო უმეტეს შემთხვევაში, საქმეებს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური იძიებს.

“საქმეების დიდი ნაწილი ფინანსურ პოლიციაშია, ჩვენგან უკვე გადავიდა მათთან და ისინი აგრძელებენ მოკვლევას. ერთეულ შემთხვევებში, რაც არ გადასულა ფინანსურ პოლიციაში, ის ჩვენ დონეზევე შეთანხმდა. გარკვეული განწილვადება შეთანხმდა და ამას იხდიან ბიუჯეტში. თუმცა საქმეების ძირითადი ნაწილი ჩვენგან უკვე გადავიდა იქ,”- განაცხადა მინისტრმა.

ჯანდაცვის სამინისტრო კლინიკებს კოვიდხარჯებთან დაკავშირებით ჯერ კიდევ 2022 წლიდან ედავება. გასული წლის აპრილში ზურაბ აზარაშვილმა თქვა, რომ იყო შემთხვევები, როცა კორონავირუსთან ბრძოლისას ექთნებისა და ექიმებისათვის განკუთვნილი დანამატი ბენეფიციარებს არ ეძლეოდათ, რამდენიმე კლინიკაში კი სამინისტრომ დაადგინა, რომ დირექტორი და მისი მოადგილეები ექიმებისა თუ ექთნების დანამატებისა და სახელმწიფოს ხარჯზე თავად იზრდიდნენ ხელფასებს.

საქმეებთან დაკავშირებით BMG-ის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ ილია ღუდუშაურმა 2022 წლის დეკემბერში განაცხადა, რომ საქმეების დიდ ნაწილს სასამართლო განიხილავდა.

“საერთო ჯამში ასეულობით კლინიკა იყო ჩართული COVID-ის მართვაში, ბევრი მათგანი შევამოწმეთ და კონკრეტული დარღვევები სადაც იყო, ჯარიმებიც გამოვწერეთ. ზოგიერთმა კლინიკამ, მაგალითად, აღიარა ის შეცდომა, რაც დაშვებული იყო და უკან დააბრუნა თანხა. გამოწერილ ჯარიმებზე სასამართლო დავები მიმდინარეობს. კლინიკების ზუსტი რიცხვის დასახელება გამიჭირდება, თუმცა საკმაოდ ბევრია. არის შემთხვევები, როდესაც ჯარიმების რაოდენობა [სასამართლომ] ან შეამცირა, ან გაზარდა და ა.შ. საერთო ჯამში პროცესს მივყვებით. ვფიქრობთ, რომ ძირითადი ნაწილი ჯანდაცვის სამინისტროს გამარჯვებით დასრულდება.

საკმაოდ დიდი მოცულობის თანხებზეა საუბარი, რიგი კლინიკები მილიონობით ლარით იქნა დაჯარიმებული, თუმცა უკვე სასამართლოს პრეროგატივაა ეს ჯარიმები დარჩება თუ შემცირდება.

ზოგიერთ კლინიკაში ახლაც მიმდინარეობს შემოწმება. ბოლომდე შევამოწმებთ იმ თანხებს, რომელიც COVID-ის მიმართულებით იქნა დახარჯული“,-ამბობს ილია ღუდუშაური.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები