აზარტულ თამაშობებზე დამოკიდებულ პირთა სიაში რეგისტრირებულია 30 451 ფიზიკური პირი. მათ შორის მოსამართლის ბრძანების საფუძველზე 59 პირი, ხოლო თავად პირის მომართვის საფუძველზე 30 392 განაცხადია შესული. განახლებულ მონაცემებს შემოსავლების სამსახური ავრცელებს.
აღსანიშნავია, რომ მაისის დასაწყისში ელექტრონულ ბაზაში, აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულ პირთა სიაში 26 655 ფიზიკური პირი იყო რეგისტრირებული, რაც იმას ნიშნავს, რომ ბოლო სამ თვეში მათი რაოდენობა დაახლოებით 4000-ით გაიზარდა.
"დამოკიდებულ პირთა თვითშეზღუდვის პროცედურა კიდევ უფრო გამარტივდა და მომხმარებელს შესაძლებლობა აქვს ავტორიზაციის გარეშე მოახდინოს საკუთარი მონაცემების შეყვანა. ელექტრონული სერვისი იყენებს ბიომეტრიულ იდენტიფიკაციას, რაც უზრუნველყოფს მოქალაქეების კონფიდენციალურობას და მონაცემთა უსაფრთხოებას", - წერია შემოსავლების სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ცნობისთვის, საქართველოს მოქალაქეს საშუალება აქვს საკუთარი მონაცემები შეიტანოს დამოკიდებულ პირთა შესახებ მონაცემების ბაზაში, რომელიც წარმოადგენს ფიზიკურ პირთა სიას, ვისაც აქვს აზარტული ან/და მოგებიანი თამაშობების თამაშის დაუძლეველი სურვილი და მათზე დამოკიდებულება. საქართველოს კანონმდებლობით აკრძალულია აზარტული ან/და მომგებიანი თამაშების (გარდა წამახალისებელი გათამაშებისა) მოწყობის ადგილზე დამოკიდებულ პირთა სიაში შეყვანილი პირების სათამაშოდ შესვლა ან/და თამაშობაში მონაწილეობისთვის დაშვება (მათ შორის, სისტემურ-ელექტრონული ფორმით აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობების ორგანიზების შემთხვევაში).
დამოკიდებულ პირთა სიაში პირის შესახებ მონაცემები შეიტანება 5 წლის ვადით. სიიდან მონაცემების ვადაზე ადრე ამოღება ხდება საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტის შემთხვევაში ან მოსამართლის ბრძანების საფუძველზე, დამოკიდებულ პირთა სიაში ამავე პირის თაობაზე მონაცემების შეტანიდან არაუადრეს 3 წლისა.




























