2024 წელს აზარტული თამაშების ბიზნესიდან მოგებისა და საშემოსავლო გადასახადების მობილიზაცია 400 მილიონი ლარით გაიზრდება. პარლამენტში აზარტული თამაშების სექტორისთვის გადასახადების ზრდის კანონპროექტის განხილვები უკვე დაიწყო. წარმოდგენილი ცვლილებებით, სისტემურ-ელექტრონული ფორმით აზარტული თამაშობის მომწყობ პირთათვის საშემოსავლო და მოგების გადასახადის განაკვეთი 10%-დან 15%-მდე იზრდება, ასევე მომხმარებლის მიერ თანხის გატანისას საშემოსავლო გადასახადის განაკვეთი 2%-დან 5% გახდება. აზარტული თამაშების სექტორი დღეს რამდენიმე ძირითადი გადასახადით იბეგრება. სექტორის ყველაზე დიდი წილი ელექტრონული თამაშების ოპერატორებზე მოდის, მათთვის 2022 წლიდან მოგების 10%-იანი გადასახადი მოქმედებს. ინდუსტრია ამბობს, რომ ასეთი საგადასახადო წნეხის პირობებში ბევრი ბიზნესი დაიხურება. მათი თქმით, ეს ასევე ხელს შეუწყობს ქართველი მომხმარებლების მიგრაციას უცხოურ საიტებზე. ბიზნესი ითხოვს პასუხს, თუ სად გადის ზღვარი, სადამდეც შეიძლება ამ სექტორისთვის გადასახადები გაიზარდოს. კერძო სექტორის განცხადებით, საგადასახადო წნეხის გაზრდა ბიზნესისთვის ნიშნავს, რომ ეს ბიზნესი საერთაშორისო კომპანიებისთვის ინვესტირების თვალსაზრისით საინტერესო აღარ იქნება. მათი შეფასებით, ეს იმოქმედებს ასევე ტურიზმზეც, რადგან მათი თქმით, ძალიან ბევრი ტურისტი საქართველოში სწორედ თამაშის მიზნით ჩამოდის.