"სოკარ ჯორჯია გაზის" გენერალური დირექტორი აზერ მამმადოვი იმედოვნებს, რომ კომპანიის მიერ საქართველოში განხორციელებული ინვესტიციები ბუნებრივი აირის განაწილების ტარიფზე აისახება. ამის შესახებ მამედოვმა ჟურნალისტებს სემეკში სატარიფო განაცხადის შეტანის მიზეზებზე საუბრისას განაცხადა.
მისი განმარტებით, სემეკის მიერ 2014 წელს დადგენილი მეთოდოლოგია, ტარიფების ყოველწლიურად გადათვლას ითვალისწინებს და შესაბამისად, "სოკარ ჯორჯია გაზმა" მარეგულირებელს განაცხადით მიმართა.
"სამომხმარებლო ტარიფი ორი კომპონენტისგან შედგება - თავად ბუნებრივი აირის ღირებულება და განაწილების ტარიფი. განაცხადი შესულია განაწილების სეგმენტზე.
ჩვენ იმედს ვიტოვებთ, რომ ეს პროცესი არ გაჭიანურდება. ჩვენი მხრიდან მზად ვართ, მჭიდროდ ვითანამშრომლოთ კომისიასთან და საჭირო ინფორმაცია მივაწოდოთ. მჯერა, რომ საბოლოოდ კარგ რეზულტატს მივიღებთ. ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში კომპანიამ კონსოლიდაციისკენ დიდი გზა გაიარა. ვიმედოვნებ, რომ მალე ჩვენ საქართველოში უნიფიცირებული ტარიფი გვექნება", - განაცხადა მამმადოვმა.
რამდენად მნიშვნელოვანი გავლენა ექნება ბუნებრივი გაზის ტარიფებზე ლარის გაუფასურების ფაქტორს, ამის შესახებ კითხვას საპასუხოდ მამედოვმა განმარტა, რომ "ბუნებრივი გაზის შეძენა დოლარში ხდება, გადასახადები კი ლარშია დაფიქსირებული".
შეგახსენებთ, რომ ბუნებრივი გაზის სექტორში ტარიფები 2005 წლის შემდეგ არ გადათვლილა.

























