მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

აზერბაიჯანამდე ახალი გზის მშენებლობა 510 მლნ ლარი, სომხეთამდე კი ₾300 მლნ დაჯდება - ბიუჯეტი

გზა მაგისტრალი

საქართველოს მთავრობამ გამოაცხადა საერთაშორისო ტენდერები საქართველოს სომხეთთან და აზერბაიჯანთან დაკავშირებისთვის. 2025 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტში უკვე გათვალისწინებულია დაფინანსება ამ გზებისთვის, უფრო კონკრეტულად აზერბაიჯანის მიმართულებით 510 მილიონი ლარის, სომხეთის მიმართულებით კი 300 მილიონი ლარის დახარჯვა იგეგმება.

პროექტის თანადაფინანსებას ევროპის საინვესტიციო ბანკი 250 მილიონი ევროს კრედიტით, (750 მილიონი ლარით) ახდენს.

2025 წელს პროექტზე 190 მლნ ლარი, 2026-ში 280 მილიონი ლარი, 2027-ში 250 მილიონი ლარი, 2028 წელს კი 90 მილიონი ლარი დაიხარჯება.

ახალი მაგისტრალები ქალაქ რუსთავში დაიწყება და ის წითელი ხიდისა და სადახლოს მიმართულებით აშენდება. პროექტთან დაკავშირებით საერთაშორისო ტენდერები უკვე გამოცხადებულია (ლოტი 1 და ლოტი 2; ლოტი 3 და ლოტი 4).

"რუსთავი-წითელი ხიდისა და ალგეთი-სადახლოს საგზაო მონაკვეთები აღმოსავლეთ-დასავლეთის და სამხრეთ-ჩრდილოეთის საერთაშორისო საავტომობილო დერეფნების შემადგენელი ნაწილია, რომელიც საქართველოს აკავშირებს აზერბაიჯანისა და სომხეთის საზღვრებთან.

პროექტის მიხედვით, საერთო ჯამში, აშენდება 61.3 კმ, 4 ზოლიანი, გარე განათების სისტემით უზრუნველყოფილი ბეტონის ჩქაროსნული გზა, 26 ხიდითა და 11 სატრანსპორტო კვანძით, სადაც დაცული იქნება საერთაშორისო საგზაო უსაფრთხოების ყველა აუცილებელი მოთხოვნა.

საგზაო მონაკვეთების მშენებლობა დაყოფილია 4 ლოტად, რაზეც გამოცხადდა ორი ტენდერი. სამშენებლო სამუშაოები 2025 წელს დაიწყება და ოთხივე მონაკვეთის მშენებლობა სამუშაოების დაწყებიდან, ეტაპობრივად, 30 თვეში დასრულდება,"- ნათქვამია საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.

ახალი 4-ზოლიანი მაგისტრალები უმეტესწილად არსებული გზის მიმდებარედ გაივლის.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები