აზერბაიჯანი მომავალ წელს საქართველოდან ელმავლების შეძენას გეგმავს. ამის შესახებ „ბიზნესკონტრაქტს“ სს „ელმავალმშენებელი“ ქარხნის წარმოების დირექტორმა დავით გორგოძემ განუცხადა.
„შემიძლია ვთქვა, რომ აზერბაიჯანის რკინიგზას მომავალი წლის მეორე ნახევარში სამი ახალი ელმავალი ჩვენთან ექნება შეკვეთილი. მათ ჩვენ გასულ წელს ოთხი ახალი ელმავალი უკვე მივაწოდეთ. ხარისხისა და ფასის გამო კი თანამშრომლობას აგრძელებენ“, - განაცხადა გორგოძემ.
მისივე თქმით, თანამშრომლობა უკრაინის რკინიგზასთანაც გრძელდება.
„უკრაინაში ჩვენთან გაკეთებული, 28 ერთეული ელმავალია ექსპლოატაციაში. გარდა ამისა, მოქმედია ხელშეკრულება კიდევ 110 ელმავალზე“, - აღნიშნა გორგოძემ.

























