აზერბაიჯანი მზადაა, საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის აქციები შეიძინოს,- ამის შესახებ აზერბაიჯანული საიტი Trend.az იტყობინება.
გამოცემა Socar Georgia-ს წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ აზერბაიჯანის სახელმწიფო კომპანია Socar მზადაა, განიხილოს აქციების შესყიდვის საკითხი, თუ საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის აქციების გაყიდვის შესახებ ოფიციალურად გამოცხადდება.
„ამჟამად არაფერ კონკრეტულზე საუბარი არ შეგვიძლია. თუ საკითხი აქციების გაყიდვაზე დაანონსდება ოფიციალურად, მზად ვართ ამ საკითხზე ვიმსჯელოთ“,- განუცხადა გამოცემას წყარომ.
შეგახსენებთ, რომ ჯერ კიდევ საქართველოს პრემიერმინისტრობის კანდიდატმა გიორგი კკვირიკაშვილმა პარლამენტის წინაშე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ ხელისუფლება მზადაა, გაყიდოს სახელმწიფო საკუთრებაში არსებული კომპანიების 25%. საუბარია „საქართველოს რკინიგზასა“ და „ნავთობისა და გაზის კორპორაციაზე“.
"ბიზნესკონტრაქტი" ამ საკითხზე "სოკარ ჯორჯიას" უკავშირდება, თუმცა, მათთან კონტაქტზე გასვლა ამ ეტაპზე ვერ ხერხდება.

























