მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

აზერბაიჯანიდან გაზის იმპორტის შემცირებით ევროპელი პარტნიორების ინტერესები გავითვალისწინეთ - მინისტრი

დავითაშვილი

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის თქმით, დღეს საქართველოსთვის გაზმომარაგების კუთხით ოპტიმალური მდგომარეობა აქვს. მისი თქმით, ქვეყანა იღებს გაზს ყველა მხრიდან საუკეთესო ფასად.

საქმე ის არის, რომ საქართველომ 2023 წლის განმავლობაში რუსული ბუნებრივი აირის შესყიდვა გაზარდა. ამასთანავე, საქსტატის ანგარიშის მიხედვით, შემცირებულია გაზის შესყიდვა აზერბაიჯანიდან, რამაც გასულ წელს 313 მილიონი დოლარი შეადგინა. 2022 წელთან შედარებით აზერბაიჯანიდან შესყიდული გაზის მოცულობა 9%-ით შემცირდა. ევროპა განიხილავს უკრაინის გავლით გაზის ტრანზიტის შენარჩუნების ვარიანტს - შეიცვალოს რუსეთის გაზი აზერბაიჯანულით.

ჟურნალისტი ეკონომიკის მინისტრისგან დაინტერესდა, შეთანხმების მიღწევა ნიშნავს თუ არა, რომ საქართველოში აზერბაიჯანული გაზი მეტად შემცირდება და რუსულ გაზზე დამოკიდებულება გაიზრდება. მინისტრი ამბობს, რომ ამ ეტაპზე, ეს ერთგვარი თანადგომაა ევროპისთვის ენერგოუსაფრთხოების კუთხით.

"ჩვენ, ჩვენს გადაწყვეტილებებს გაზმომარაგების კუთხით ვიღებთ საქართველოს ინტერესების გათვალისწინებით. ანუ, ქვეყანა იღებს გაზს ყველა მიმართულებით ისე, რომ მივიღოთ ოპტიმალურად იაფ ფასად. ეს, არის თუ არა საქართველოს ინტერესი? ვფიქრობ, არის. ეს, არის თუ არა ჩვენი ბიზნესსექტორის ინტერესი? ვფიქრობ, არის.

ჩვენ, მაქსიმალურად ვითვალისწინებთ საქართველოს ინტერესებს, რაც გულისხმობს, რომ კომერციულად მივიღოთ უკეთესი პირობები და ასევე, უსაფრთხოების კუთხითაც, გვქონდეს დაბალანსებული სიტუაცია. მინდა გითხრათ, რომ აზერბაიჯანთან ჩვენი ურთიერთობა გაზის სექტორში წარმატების მაგალითია. ვფიქრობ, რომ ეს არის სანიმუშო ჩვენი წლების განმავლობაში თანამშრომლობა. ამ მხრივ, გაზის მომარაგების კუთხით ამ წლების განმავლობაში კითხვაც კი არ არსებობს ჩვენს შორის. ჩვენთვის, თუ ეს უფრო საინტერესოა, რომ შევამციროთ, მაშინ შევამცირებთ. თუ აზერბაიჯანს არ შეუძლია და ჩვენ ამით [მოხმარების შემცირებით] ვეხმარებით, ესეც ნიშნავს, რომ პასუხისმგებლიანი პარტნიორული ურთიერთობა გვაქვს.

ეს გადაწყვეტილებები იყო კოორდინირებული აზერბაიჯანთან. სახელმწიფომ მიიღო მეტი გაზი უფრო იაფად. მესამე, ევროპისთვის ჩვენ არაერთხელ გვიჩვენებია თანადგომა ენერგოუსაფრთხოების კუთხით. აქაც, ჩვენ გავითვალისწინეთ ევროპელი პარტნიორების ინტერესები. ამიტომ, ყველა მხარის ინტერესი ამ შემთხვევაში იყო დაბალანსებული. რაც შეეხება მოწოდების საკითხებს, აზერბაიჯანი გეგმავს, რომ "ყაზახზე" [ყაზახი საგურამოს გაზსადენი] შესაძლებლობები გაიზარდოს. იცით, რომ ამ გაზსადენზე შესაძლებლობები შეზღუდულია. აზერბაიჯანი თუ შეძლებს ამ ზრდას, მაშინ ჩვენ შეგვეძლება, მეტი გაზი მივიღოთ აზერბაიჯანიდან. წლებია, ამაზეა საუბარი ჩვენს პარტნიორებთან და ეს უკვე აქტიური, მიმდინარე გეგმის ნაწილია. ეს, მათი ინვესტიციებით უნდა მოხდეს, იმიტომ რომ არის აზერბაიჯანის მხარეს. ასევე, აზერბაიჯანი აპირებს დამატებით ინვესტიციებს, რომ ჰქონდეს მეტი მოპოვება. ამიტომ, როცა ეს დისბალანსი აღმოიფხვრება, იმ შემთხვევაში, როცა ჩვენთვის სასიკეთო კონიუნქტურა იქნება, ჩვენ აზერბაიჯანიდან შეგვეძლება მეტი გაზი მივიღოთ. ჩვენ, დღეს მდგომარეობა რაშიც ვართ ოპტიმალურია", - განაცხადა დავითაშვილმა.

საქართველო რუსულ ბუნებრივ აირს ჩრდილოეთი-სამხრეთის მაგისტრალური მილსადენის მეშვეობით იღებს. ამ გაზსადენის საშუალებით რუსული Gazprom-ი სომხეთს ბუნებრივ აირს აწვდის. 2022 წელს ამ მილსადენის დატვირთვა 2.6 მილიარდი კუბური მეტრი იყო.

რაც შეეხება სამხრეთ კავკასიურ გაზსადენს, მისი და ტრანს-ანატოლიური შემდგომ კი ტრანს ადრეატიკული მილსადენების სისტემების გავლით აზერბაიჯანი თურქეთსა და ევროკავშირს აწვდის ბუნებრივ აირს. 2022 წელს ამ გაზსადენის დატვირთვა 19.8 მილიარდი კუბური მეტრი იყო. ამ მილსადენიდან საქართველოს მიერ ბუნებრივი აირის მიღების საკითხს შაჰ-დენიზის კონსორციუმთან გაფორმებული მრავალწლიანი ხელშეკრულება არეგულირებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები