მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

აზერბაიჯანიდან სომხეთში ნავთობპროდუქტების ტრანსპორტირებაზე სიმბოლური ტარიფი დაწესდა - ეკონომიკის სამინისტრო

საქართველოს რკინიგზა

ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, აზერბაიჯანიდან სომხეთში ნავთობპროდუქტების ტრანსპორტირებაზე სიმბოლური ტარიფი დაწესდა. ამისთვის კი სომხეთის ტერიტორიული ადმინისტრირებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა დავით ხუდატინმა მარიამ ქვრივიშვილს მადლობა გადაუხადა.

BM.GE-მ სიმბოლური ტარიფების დასაზუსტებლად საქართველოს რკინიგზას კითვებით მიმართავს და მათ პასუხს მიღებისთანავე შემოგთავაზებთ.

უწყების ცნობით, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა სომხეთის ტერიტორიული ადმინისტრირებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრ დავით ხუდატიანთან საქართველოსა და სომხეთს შორის ტრანსპორტისა და ენერგეტიკის სფეროში თანამშრომლობის პრიორიტეტული საკითხები განიხილა. შეხვედრა საქართველოს დელეგაციის სომხეთში ვიზიტის ფარგლებში გაიმართა.

"შეხვედრაზე ხაზი გაესვა საქართველოს როლს რეგიონში მშვიდობისა და დაკავშირებადობის გაძლიერებისა და განვითარების თვალსაზრისით. სომხეთის მინისტრმა მადლობა გადაუხადა ქართველ კოლეგას საქართველოს მთავრობის მეგობრული გადაწყვეტილების გამო, რომლის თანახმად, აზერბაიჯანიდან სომხეთის მიმართულებით ნავთობპროდუქტების ტრანსპორტირებაზე სიმბოლური ტარიფის დაწესდა", - ნათქვამია ეკონომიკის სამინისტროს გავრცელებულ ინფორმაციაში.

მათივე ცნობით, როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, ორივე ქვეყანა განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს სატვირთო და სამგზავრო მიმოსვლის განვითარებას. მხარეებმა აღნიშნეს, რომ საქართველო და სომხეთი აქტიურად არიან ჩართული როგორც ორმხრივ, ისე რეგიონულ ინიციატივებში.

ქართულმა მხარემ სომეხ კოლეგას მიაწოდა ინფორმაცია საქართველოში მსხვილი სატრანსპორტო ინფრასტრუქტურული პროექტების შესახებ, რომელთა სრულად ამოქმედებაც მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს ორ ქვეყანას შორის დაკავშირებადობას, სომხეთიდან ტრანზიტული ტვირთების მიმოსვლას და გააძლიერებს საქართველოს, როგორც რეგიონული სატრანსპორტო ჰაბის ფუნქციას. აღინიშნა, რომ საქართველოს ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია უსაფრთხო, საიმედო და კონკურენტუნარიანი სატრანსპორტო მარშრუტების განვითარება, რომლებიც აძლიერებს რეგიონულ კავშირებს და ხელს უწყობს ეკონომიკური და სავაჭრო ურთიერთობების გაღრმავებას.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები