SOFAZ-ი, ანუ აზერბაიჯანის სახელმწიფო ნავთობის ფონდი აზერბაიჯანის ერთ-ერთი სტრატეგიული კომპანია, რომელიც ვალდებულია აზერბაიჯანის მიერ ნავთობისა და გაზის ექსპორტიდან მიღებული მოგება წარმატებულ საინვესტიციო პროექტებში დააბანდოს.
არსებული მდგომარეობით ფონდის აქტივების ზომა 62.7 მილიარდ დოლარს აღემატება, საიდანაც 18 მილიარდი დოლარი ოქროს რეზერვებზე მოდის, რომელთა მოცულობაც 165.3 ტონას შეადგენს. შედარებისთვის, საქართველოს ოქროს რეზერვები 24-ჯერ მცირეა და 7 ტონას შეადგენს.
SOFAZ-ის ფინანსური ანგარიშის თანახმად, 2023 წლის შემდეგ SOFAZ-მა განსაზღვრა, რომ მისი აქტივების 25% შეიძლება ოქროში იყოს ინვესტირებული. 2023 წლის ბოლოსთვის ფონდის საკუთრებაში არსებული ოქრო 11.4 მილიარდ მანათს, ანუ 6.8 მილიარდ დოლარს შეადგენდა, მას შემდეგ 2024 წელს SOFAZ-მა 3.6 მილიარდი დოლარი დახარჯა ოქროს რეზერვების შევსებაზე, ხოლო 2024 და 2025 წლებში კი ოქროს ფასი მკვეთრად გაიზარდა, რის შედეგადაც ფონდის საკუთრებაში არსებული ოქროს რეზერვების ღირებულებამ დღეისთვის უკვე 18 მილიარდ დოლარს მიაღწია.
SOFAZ-ს აქტივებიდან 25 მილიარდი დოლარი ინვესტირებულია აშშ დოლარში ნომინირებულ ფასიან ქაღალდებში, 12.3 მილიარდი დოლარი არის განთავსებული ევროს აქტივებზე, გირვანქა სტერლინგის აქტივებზე 2.4 მილიარდი დოლარი, ფონდის 2.5% ჩინური იუანის, 1.3% კი იაპონური იენის აქტივებში არის ინვესტირებული.
ფონდი ამასთან ყოველწლიურად საბიუჯეტო შენატანებს ახორციელებს, 2023 წელს ფონდმა 6.9 მილიარდი დოლარი გადასცა ცენტრალურ მთავრობას, 2024 წელს კი ეს თანხა 7.5 მილიარდ დოლარამდე გაიზარდა.
Moody's-მა აზერბაიჯანის სახელმწიფო სუვენერული რეიტინგის გაუმჯობესების გადაწყვეტილების მიღებისას აღნიშნა, რომ ზრდაზე დადებითი გავლენა მოახდინა სახელმწიფო საინვესტიციო ფონდ SOFAZ-ის შედეგებმაც სადაც აკუმულირებული 62.7 მილიარდი დოლარი სახელმწიფოსთვის კრიზისის დროს ბუფერის ფუნქციის შემსრულებელი შეიძლება იყოს.




























