პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის თქმით, საქართველოს მთავრობამ წარმატებით აწარმოა ძალიან მნიშვნელოვანი მოლაპარაკებები აზერბაიჯანთან, რის შედეგადაც ქვეყანამ მიიღო 2 მლრდ კუბურ მეტრზე მეტი მოცულობის გარანტია, ოპტიმალური ღირებულებით. მან ამის შესახებ პარლამენტში ყოველწლიური მოხსენებით გამოსვლისას განაცხადა.
მისივე განცხადებით, საანგარიშო პერიოდში, გაზიფიკაციის პროცესში, 60-ზე მეტი დასახლებული პუნქტი ჩაერთო გაზის მიწოდების ქსელში, რაც დაახლოებით 10 000 ოჯახს მოიცავს.
„გრძელდებოდა გაზიფიკაციის პროცესი. გაზის მიწოდების ქსელში, საანგარიშო პერიოდის განმავლობაში, ჩაერთო 60-ზე მეტი დასახლებული პუნქტი, დაახლოებით 10 000 აბონენტს მოიცავს, 10 000 ოჯახს ეს პროცესი. ძალიან მნიშვნელოვანი მოლაპარაკებები ვაწარმოვეთ ჩვენ ჩვენს მეგობარ ქვეყანასთან, აზერბაიჯანთან გაზის მიწოდებასთან დაკავშირებით, რასაც აქვს პრინციპული მნიშვნელობა ბუნებრივია ჩვენი ქვეყნისთვის და ეს მოლაპარაკებები ძალიან დიდი წარმატებით დაასრულა ეკონომიკის სამინისტრომ - ჩვენ მივიღეთ 2 მილიარდ კუბურ მეტრზე მეტი გარანტია, მოცულობის გარანტია ოპტიმალური სათანადო ფასით.
მე მინდა, მადლობა გადავუხადო როგორც ეკონომიკის სამინისტროს, ისე ჩვენს აზერბაიჯანელ მეგობრებს მოლაპარაკებებისა და მიღწეული შედეგისთვის. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ქვეყნის ენერგეტიკული უსაფრთხოებისთვის,“- აღნიშნა პრემიერმა.




























