მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

აზერბაიჯანმა საინვესტიციო ფორუმზე $10.8 მილიარდის შეთანხმებები გააფორმა

საინვესტიციო ფორუმი

აზერბაიჯანის დედაქალაქ ბაქოში გამართულ საერთაშორისო საინვესტიციო ფორუმზე $10.8 მილიარდის ღირებულების კონტრაქტები გაფორმდა.

ორდღიანი ღონისძიების ფარგლებში მხარეებმა 26 სხვადასხვა ხელშეკრულება შეათანხმეს. Euronews-თან საუბრისას ქვეყნის ეკონომიკის მინისტრმა მიქაილ ჯაბაროვმა აღნიშნა, რომ ეს სახელმწიფოსთვის მნიშვნელოვანი შედეგია და რომ ეს აზერბაიჯანს არასანავთობო მიმართულებით განვითარების შესაძლებლობას მეტად მისცემს. მინისტრის განცხადებით, ეს გარიგებები განსაკუთრებით ტექნოლოგიების, ხელოვნური ინტელექტისა და წარმოების სფეროებს მოიცავს.

მნიშვნელოვანია ითქვას, რომ ფორუმში მსოფლიოს წამყვანი საინვესტიციო კომპანიები მონაწილეობდნენ. წარმოდგენილ გიგანტებს შორის BlackRock-ი, Brookfield Asset Management-ი და Global Infrastructure Partners-ი გამოირჩეოდნენ. ღონისძიებაზე მიწვეული კომპანიების მიერ მართული აქტივების საერთო კაპიტალი $30 ტრილიონს შეადგენდა.

ცნობისთვის, ბაქოში გამართული საერთაშორისო საინვესტიციო ფორუმი აზერბაიჯანის ახალ ეკონომიკურ ინიციატივას უკავშირდება. ოფიციალური ბაქო გეგმავს, ნავთობისა და გაზის სექტორის მიღმა საერთაშორისო კაპიტალის მოზიდვა მკვეთრად გააძლიეროს და ამით ეკონომიკის დივერსიფიკაციას შეუწყოს ხელი. სტრატეგიის თანახმად, ძირითადი სექტორები, რომლებზეც ყურადღება გამახვილდება ლოგისტიკა, განახლებადი ენერგეტიკა და ციფრული ტექნოლოგიებია

ცნობისთვის, პირველი საერთაშორისო საინვესტიციო ფორუმი ბაქოში 2025 წელს გაიმართა. მაშინ მხარეებმა $10 მილიარდზე მეტი ღირებულების საინვესტიციო შეთანხმებები გააფორმეს. ამ მოცულობიდან $7 მილიარდზე მეტი კი უშუალოდ არასანავთობო სექტორს მოხმარდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები