მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

აზერბაიჯანს, საქართველოს, რუმინეთსა და უნგრეთს შორის მწვანე ენერგეტიკაში ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა

სს
BM. GE
21.11.23 20:30
1466

ბუდაპეშტში „მწვანე ენერგიის განვითარებისა და გადაცემის სფეროში სტრატეგიული პარტნიორობის თაობაზე“ შეთანხმების მინისტერიალი აზერბაიჯანს, საქართველოს, რუმინეთსა და უნგრეთს შორის მწვანე ენერგეტიკაში თანამშრომლობის შესახებ ურთიერთგაგების მემორანდუმის ხელმოწერით დასრულდა. ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, საქართველოს მხრიდან დოკუმენტს ხელი ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა მოაწერა.

მინისტერიალის შემდეგ გამართულ პრეს-კონფერენციაზე ლევან დავითაშვილმაც ისაუბრა. ვიცე-პრემიერის განცხადებით, ელექტროენერგიის გადაცემის კუთხით საქართველო სრულ თანხვედრაშია ევროკავშირის პრიორიტეტებსა და კლიმატის მიზნებთან. ამ კუთხით ეკონომიკის მინისტრმა აქცენტი გააკეთა შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტის მნიშვნელობაზე „პარტნიორობის შეთანხმების“ საერთო მიზნების კონტექსტში. მისი განცხადებით, ეს ამბიციური გლობალური ინიციატივაა, რომელიც დააკავშირებს სამხრეთ კავკასიას და მთლიანად რეგიონს ევროკავშირთან.

„დღეს შეხვედრაზე განხილულ იქნა პროექტის მიმდინარე კვლევის საკითხები და ასევე დაიგეგმა შემდგომი ნაბიჯები ერთობლივი კომპანიის ჩამოყალიბების შესახებ, რომელიც მის განხორციელებაზე იმუშავებს. ეს გრძელვადიანი და საკმაოდ რთული პროექტია, რომელიც საერთაშორისო თანამშრომლობის გარეშე ვერ განხორციელდება“, - აღნიშნა ლევან დავითაშვილმა.

ვიცე-პრემიერმა მედიასთან საუბრისას ასევე ხაზი გაუსვა, რომ საქართველო ჰიდრორესურსებით მდიდარი ქვეყანაა და მისთვის მნიშვნელოვანია ევროკავშირთან ენერგეტიკული ინტეგრაცია.

„ქვეყანაში 26 ათასზე მეტი მდინარეა და რა თქმა უნდა, ეს განახლებადი ენერგიის უმნიშვნელოვანესი წყაროა. თუმცა, საერთო ძალისხმევითა და მთავრობის მიზანდასახული პოლიტიკით ჩვენ ვცდილობთ, ხელი შევუწყოთ მეტი პროექტის განვითარებას როგორც კერძო, ისე საჯარო სექტორების ჩართულობით. ჩვენი ამგვარი დამოკიდებულება სრულ თანხვედრაში ჩვენს კლიმატის მიზნებთან. ამ ეტაპზე საქართველო ევროკავშირის მხოლოდ ასოცირებული წევრია, მაგრამ ვიმედოვნებთ, რომ ევროპის საბჭო დეკემბრის შუა რიცხვებში დადებით გადაწყვეტილებას მიიღებს და მივიღებთ ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსს“, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

ლევან დავითაშვილის შეფასებით, ამ სექტორში პარტნიორობა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია დღეს, როდესაც ენერგეტიკა სულ უფრო მწვანე ხდება. ამასთან, როგორც მან აღნიშნა, ეკონომიკის ზრდასთან ერთად იზრდება მოთხოვნა ელექტროენერგიაზე, შესაბამისად, შეთანხმების მონაწილე მხარეები აცნობიერებენ, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ძალისხმევა მიმართულ იქნას ენერგიის განახლებადი წყაროებზე. ეკონომიკის მინისტრის განცხადებით, საერთაშორისო ვაჭრობის ხელშესაწყობად და სექტორის გასავითარებლად მხარეთა ძალისხმევა დღეს ხელმოწერილ მემორანდუმში აისახა.

„მწვანე ენერგიის განვითარებისა და გადაცემის სფეროში სტრატეგიული პარტნიორობის თაობაზე“ შეთანხმების შემდეგი მინისტერიალი 2024 წლის თებერვალში საქართველოში გაიმართება. ლევან დავითაშვილის თქმით, ამ დროისთვის მხარეებს უკვე ექნებათ პირველადი მონაცემები კვლევის დასრულების შესახებ. ამ პერიოდის განმავლობაში „საქართველოს ელექტროსისტემა“ თავის კოლეგებთან ერთად იმუშავებს ახალი კომპანიის დაარსების მიმართულებით.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები