მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

აზერბაიჯანში აფგან სადიგოვი გაათავისუფლეს - თამთა მიქელაძე

თამთა მიქელაძე

აზერბაიჯანელი ჟურნალისტი აფგან სადიგოვი თავისუფალია. ინფორმაციას ამის შესახებ „სოციალური სამართლიანობის ცენტრის“ დირექტორი, თამთა მიქელაძე გამოცემა „პუბლიკასთან“ ადასტურებს.

მიქელაძის თქმით, ამ ეტაპზე ზუსტად უცნობია, რა გახდა ჟურნალისტის დაკავების მიზეზი.

„გიდასტურებთ გათავისუფლებას, თუმცა ჯერ ვერ გავიგეთ რა იყო დაკავების მიზეზი. სავარაუდოდ, ეს არ იყო დაკავება და საპოლიციო შემოწმება იყო, თუმცა ზუსტად არ ვიცით“, - განუცხადა მიქელაძემ მედიას.

დღეს დილით სადიგოვის მეუღლემ, სევინჩ სადიგოვამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ჟურნალისტი აზერბაიჯანში პოლიციამ დააკავა და გაურკვეველი მიმართულებით წაიყვანა.

ცნობისთვის,ოფიციალური ინფორმაციით, 2026 წლის 1 აპრილს აზერბაიჯანის პროკურატურამ სადიგოვის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა შეწყვიტა, რის შესახებაც ქართულ მხარეს აცნობა. აღნიშნული ინფორმაცია თავად სადიგოვმაც 2 აპრილს შეიტყო.

მოგვიანებით, 3 აპრილს სასამართლომ გააუქმა მის მიმართ გირაო და გადაადგილების შეზღუდვა, თუმცა უკვე 4 აპრილს საღამოს იგი კვლავ დააკავეს, ხოლო 5 აპრილს გამართულ სასამართლო პროცესზე მისი აზერბაიჯანში გაძევების გადაწყვეტილება მიიღეს.

აღსანიშნავია, რომ აფგან სადიგოვის წინააღმდეგ აზერბაიჯანში სისხლისსამართლებრივი დევნა მისი ჟურნალისტური საქმიანობის გამო იყო დაწყებული, რის საფუძველზეც წლების განმავლობაში მისი ექსტრადიცია მოითხოვებოდა.

2025 წლის 28 თებერვალს ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ დროებითი ღონისძიების ფარგლებში საქართველოს აუკრძალა აფგან სადიგოვის ექსტრადიცია აზერბაიჯანში, სანამ მისი საქმე სტრასბურგში საბოლოოდ არ განიხილება.

შეგახსენებთ, აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი საქართველოში ოფიციალური ვიზიტით დღეს, 6 აპრილს ჩამოვიდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები