საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტმა გააუქმა 2024 წლის აგვისტოში გამოცხადებული 250 მილიონი ევროს ღირებულების (790 მლნ ლარი) საერთაშორისო ტენდერი, რომელშიც გამარჯვებული ჯერ კიდევ 2025 წლის დასაწყისში უნდა გამოვლენილიყო და მშენებლობაც 2025-შივე უნდა დაწყებულიყო.
ტენდერი საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტის - ევროპის საინვესტიციო ბანკის (EIB) წესებით იყო გამოცხადებული და ის სწორედ EIB-ის კრედიტით ფინანსდება. ოფიციალური განმარტების თანახმად, ტენდერის ანულირება დაბალმა კონკურენციამ განაპირობა. ასევე მოხდა გზის ამ მონაკვეთების მშენებლობის ზედამხედველი კომპანიის შერჩევის საერთაშორისო ტენდერის ანულირებაც.
ახალი მაგისტრალები ქალაქ რუსთავში დაიწყება და ის წითელი ხიდისა და სადახლოს მიმართულებით აშენდება. პროექტთან დაკავშირებით გამოცხადებულ ტენდერებში (ლოტი 1 და ლოტი 2; ლოტი 3 და ლოტი 4) მთლიანობაში 61.3 კილომეტრის სიგრძის 4-ზოლიანი გზის მშენებლობა იყო გათვალისწინებული.
პროექტის ლოტები ასე ნაწილდებოდა:
- ლოტი 1 - რუსთავი-ალგეთი 21 კილომეტრი, მაგისტრალის სიგანე 4 x 3.75 მეტრი, მოძრაობის სიჩქარე 120 კმ/სთ;
- ლოტი 2 - ალგეთი-წითელი ხიდი 10.9 კილომეტრი, მაგისტრალის სიგანე 4 x 3.75 მეტრი, მოძრაობის სიჩქარე 120 კმ/სთ;
- ლოტი 3 - ალგეთი-არაფლო 13 კილომეტრი, მაგისტრალის სიგანე 4 x 3.75 მეტრი, მოძრაობის სიჩქარე 120 კმ/სთ;
- ლოტი 4 - არაფლო-სადახლო 16.3 კილომეტრი, მაგისტრალის სიგანე 4 x 3.75 მეტრი, მოძრაობის სიჩქარე 120 კმ/სთ.
არსებული მდგომარეობით, საქართველოს და სომხეთ-აზერბაიჯანის დამაკავშირებელი მაგისტრალები ორზოლიანია და ის მეტწილად დასახლებულ პუნქტებში გადის. ახალმა მაგისტრალმა კი გამტარიანობა უნდა გაზარდოს და მჭიდროდ დასახლებულ პუნქტებს გვერდი უნდა აუქციოს.
მთავრობამ გასული წლის განმავლობაში გზის მონაკვეთზე არსებული მიწის მონაკვეთების სავალდებულო წესით გამოსყიდვის შესახებ არაერთი ექსპროპრეაციის ბრძანება გამოსცა.




























