მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

აზერბაიჯანული ავიახაზები რუსეთის ზოგიერთ ქალაქში ფრენებს აჩერებს

ფრენები

ყაზახეთის ქალაქ აქთაუსთან აზერბაიჯანული ავიახაზების თვითმფრინავის ჩამოვარდნის შემდეგ, ავიაკომპანია AZAL-ი რუსეთის ზოგიერთ ქალაქში ფრენებს აჩერებს. ინფორმაციას აზერბაიჯანული გამოცემა Trend-ი ავიაკომპანიაზე დაყრდნობით ავრცელებს.

კომპანიაში განმარტავენ, რომ ავიაკომპანიის კუთვნილი თვითმფრინავის Embraer 190-ის ჩამოვარდნის მიზეზების შესახებ დაწყებული გამოძიების წინასწარი შედეგების და უსაფრთხო ფრენებისთვის შესაძლო რისკების გათვალისწინებით, მანამდე სანამ გამოძიება არ დასრულდება, აზერბაიჯანის სამოქალაქო ავიაციის სააგენტო 2024 წლის 28 დეკემბრიდან ფრენებს რუსეთის შემდეგი ქალაქების მიმართულებით აჩერებს. ეს ქალაქებია:

  • მინვოდი
  • სოჭი
  • ვოლგოგრადი
  • უფა
  • სამარა
  • გროზნო
  • მახაჩყალა

ცნობისთვის, ავიაკომპანიამ 25 დეკემბერს ბაქოდან ფრენები გროზნოს და მახაჩყალის მიმართულებით შეაჩერა. უსაფრთხოების საკითხების გათვალისწინებით, რუსეთის აღნიშნული ქალაქების მიმართულებით სხვა ავიაკომპანიების ფრენების შეჩერების გადაწყვეტილებაც მიიღეს.

AZAL-ში აცხადებენ, რომ მგზავრებს, ვისაც ამ მიმართულებებით ბილეთები ჰქონდათ შეძენილი, თანხების სრულად დაბრუნების ან უფასოდ გადაცვლის შესაძლებლობა ექნებათ.

ცნობისთვის: „აზერბაიჯანის ავიახაზების“ თვითმფრინავი Embraer 190, რომელიც 25 დეკემბერს ბაქო-გროზნოს რეისს ასრულებდა ყაზახეთში, ქალაქ აქთაუდან 3 კილომეტრში ჩამოვარდა. ბორტზე 62 მგზავრი და 5 ეკიპაჟის წევრი იმყოფებოდა. თვითმფრინავის ჩამოვარდნის შედეგად დაიღუპა 38 ადამიანი.

წინასწარი გამოძიებით, აზერბაიჯანის ავიახაზების ჩამოგდების მიზეზი რუსული რაკეტა გახდა. თვითმფრინავს რაკეტა გროზნოს თავზე დრონების აქტიურობის დროს ესროლეს. რაკეტა თვითმფრინავის გვერდზე აფეთქდა და შრაპნელმა დააზიანა. სახელისუფლებო წყაროებმა Euronews-ს უთხრეს, რომ დაზიანებულ თვითმფრინავს რუსეთის აეროპორტებში დაჯდომის უფლება არ მისცეს, იმის მიუხედავად, რომ პილოტები საავარიო დაშვებას ითხოვდნენ. თვითმფრინავის ეკიპაჟს უბრძანეს კასპიის ზღვა გადაეფრინა და აქთაუში დამჯდარიყო.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები