ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური ქართველ და აზერბაიჯანელ მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება, რომლის მიხედვითაც, საქართველოში აზერბაიჯანული ტვირთები მათ შორის თამბაქოს ნაწარმი „ბლოკირებულია“. უწყების შეფასებით, ეს განცხადება დეზინფორმაციაა და საზოგადოება შეცდომაში შეჰყავს.
შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, გაზრდილი ტვირთბრუნვის პირობებში ყველა საბაჟო პროცედურა განსაკუთრებულ რეჟიმში მიმდინარეობს, რათა ტრანსპორტირებისა და გადაზიდვების შეუფერხებელი გატარება უზრუნველყონ.
უწყების განმარტებით, საერთაშორისო ტვირთბრუნვის უწყვეტობის უზრუნველსაყოფად, საქართველოს საბაჟო ადმინისტრაცია ინტენსიურ კომუნიკაციაშია თურქეთის, აზერბაიჯანისა და სომხეთის პარტნიორ უწყებებთან.
"ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური ეხმაურება ქართული და აზერბაიჯანული გარკვეული მედია საშუალებით გავრცელებულ მორიგ, დეზინფორმაციულ განცხადებას საქართველოში, აზერბაიჯანული ტვირთების (მათ შორის თამბაქოს ნაწარმის) თითქოს ,,ბლოკირების“ შესახებ და განმარტავს, რომ აღნიშნული არის სრული სიცრუე და ემსახურება საზოგადოების შეცდომაში შეყვანას.
განვმარტავთ, რომ გაზრდილი ტვირთბრუნვის პირობებში, განსაკუთრებულ/აქტიურ რეჟიმში ხორციელდება საერთაშორისო გადაზიდვებში ჩართული სატრანსპორტო საშუალებების მიმართ ყველა საბაჟო პროცედურა, რათა შეუფერხებლად მოხდეს მათი გატარება.
ამასთან, საქართველოს მასშტაბით არსებულ ყველა საბაჟო-გამშვებ პუნქტზე, მათ შორის,
სგპ. ,,წითელ ხიდზე“ მებაჟე ოფიცრები სრულ მზადყოფნაში არიან 24-საათიან რეჟიმში, სწრაფად განახორციელონ, როგორც ფიზიკური პირების, ასევე მსუბუქი და სამგზავრო ავტომობილების კონტროლის პროცედურები.საერთაშორისო ტვირთბრუნვის უწყვეტობის უზრუნველყოფის მიზნით, საბაჟო გამშვები პუნქტების ერთობლივი მართვის ფარგლებში, შემოსავლების სამსახური ინტენსიურ კომუნიკაციაში იმყოფება თურქეთის, აზერბაიჯანისა და სომხეთის რესპუბლიკების შესაბამის საბაჟო ადმინისტრაციებთან, რათა სწრაფად გამოიძებნოს მნიშვნელოვანი გამოწვევების გადაჭრის გზები", - წერია განცხადებაში.
გარდა ამისა, უწყება კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს, რომ საერთაშორისო სანქციების ამოქმედების შემდეგ: მკაცრად კონტროლდება საქართველოს გავლით გასული და საქართველოდან ექსპორტირებული ტვირთი, რათა არ მოხდეს რუსული ან ბელარუსული საქონლის გადატანა სანქციების მოქმედ ქვეყნებში ან პირიქით.
"კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ საერთაშორისო სანქციების დაწესებისთანავე, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის მიერ მკაცრად კონტროლდება საქართველოში გაიმპორტებული საქონლის ექსპორტის შემთხვევებიც, რათა არ მოხდეს რუსული ან ბელარუსული საქონელი სანქციების მონაწილე ქვეყნებში ან პირიქით. სახელმწიფო საზღვრის დაცვის პრევენციის ფარგლებში, საბაჟო ადმინისტრაციაში არსებული რისკის პროფილების გამოყენებით ტვირთების ტრანზიტისას, აგრეთვე ყურადღება ექცევა ფიზიკურ პირებს და კომპანიებს.
ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მიერ, საბაჟო კონტროლის პროცედურები მკაცრ მონიტორინგს ექვემდებარება და ეს პროცესი მომავალშიც გაგრძელდება", - წერია განცხადებაში.




























