მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

აჟიოტაჟურ პროცესს თან ახლდა ერთჯერადი მსხვილი ტრანზაქციები - სებ-ი 60-მილიონიან ინტერვენციაზე

დოლარი

დღეს, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა სავალუტო აუქციონზე 60 მილიონი დოლარის ინტერვენცია განახორციელა - ამის შესახებ ინფორმაციას თავად ეროვნული ბანკი აქვეყნებს. სებ-ის თანახმად, მათ მიერ მიღებული გადაწყვეტილება "ბოლო დღეებში სავალუტო ბაზარზე განვითარებულ აჟიოტაჟურ პროცესებთან დაკავშირებით მიიღეს, რომელსაც თან ახლდა ერთჯერადი მსხვილი ტრანზაქციები".

"სებ-მა გაყიდა 60 000 000 აშშ დოლარი. საშუალო შეწონილმა გაცვლითმა კურსმა 2.7580 შეადგინა"- წერს ეროვნული ბანკი.

სებ-ის განმარტებით, ამ ფაქტორების გათვალისწინებით, უცხოურ ვალუტაზე ჭარბი მოთხოვნა დაფიქსირდა, რამაც ლარის გაცვლით კურსზე დამატებითი წნეხი შექმნა. გუშინ ლარის ოფიციალურმა გაცვლითმა კურსმა დოლართან 4.6 თეთრიანი ვარდნა განიცადა და კურსმა 2.73 ლარს მიაღწია, ხოლო სამუშაო დღის დასრულების შემდეგ Bloomberg-ის სისტემაში კურსმა 2.82 ლარსაც მიაღწია. 16 მაისს ვაჭრობა 2.82 ლარის კურსზე გაიხსნა თუმცა ის რამდენიმე საათში 2.76 ლარის ნიშნულამდე შემცირდა.

"განვმარტავთ, რომ სავალუტო ბაზარზე დაფიქსირებული რყევები არ არის გამოწვეული ფუნდამენტური მაკროეკონომიკური ფაქტორებით და შესაბამისად არის მოკლევადიანი. ჯანსაღია მაკროეკონომიკური პარამეტრები-საერთაშორისო რეზერვები ისტორიულ მაქსიმუმზეა, სტაბილურია საგარეო შემოდინებები, ისტორიულ მინიმუმზეა მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი, ბოლო სამი წლის განმავლობაში ფიქსირდება მაღალი ეკონომიკურ ზრდა, ინფლაცია მიზნობრივ 3%-ზე დაბალია, ფისკალური ბალანსი და სახელმწიფო ვალიც მდგრად დონეზეა შენარჩუნებული.

ფინანსური სისტემის გამართულად და ეფექტურად ფუნქციონირებისთვის კომერციულ ბანკებს გააჩნიათ ჯანსაღი მომგებიანობა და აქტივების მაღალი ხარისხი, კაპიტალის და ლიკვიდობის სოლიდური ბუფერები, რათა შეუფერხებლად მოემსახურონ კლიენტებს და დააკრედიტონ ეკონომიკა. ლიკვიდური აქტივების ჯამური მოცულობა დღეს საბანკო სისტემაში 16.7 მლრდ ლარის ექვივალენტს აჭარბებს, რაც პოტენციური შოკების მიმართ უპრეცედენტო გამძლეობაზე მეტყველებს. დღესდღეობით საქართველოს საფინანსო სისტემა ევროპის მასშტაბით ერთ-ერთი ყველაზე მყარია.

ეროვნული ბანკი განაგრძობს ბაზარზე დაკვირვებას და ყველა მის ხელთ არსებულ ბერკეტს გამოიყენებს ფინანსური ბაზრის სტაბილურობის უზრუნველსაყოფად,"- ნათქვამია სებ-ის მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები