მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

აზიაში მოგზაურობის დაგეგმვისას, ქართველი მოგზაურები ტურისტულ კომპანიებს ანიჭებენ უპირატესობას - Check-In Travel

მალდივები

ტურისტული კომპანია Check-In Travel-ის დირექტორის, ლევან ოსეფაიშვილის განცხადებით, აზიის მიმართულებით მოგზაურობის დაგეგმვისას მომხმარებლები უპირატესობას ტურისტულ კომპანიებს ანიჭებენ, მაშინ როდესაც ევროპის მიმართულებით სოლო მოგზაურებისა და თვითდაჯავშნების წილი მნიშვნელოვნად მაღალია. აღნიშნულის შესახებ მან BMGTV-ს გადაცემაში „ქალების ნარატივი“ ისაუბრა.

მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ბოლო პერიოდში გაიზარდა იმ მოგზაურების რაოდენობა, რომლებიც დამოუკიდებლად ჯავშნიან სასტუმროებსა და ავიაბილეთებს, აზიის მიმართულებით ეს ტენდენცია შედარებით სუსტად არის გამოხატული.

„თუ შევადარებთ აზიასა და ევროპის მიმართულებებს, აზიის შემთხვევაში ზრდა მინიმალურ ზღვარზეა. მიუხედავად იმისა, რომ მომხმარებლებს თავადაც შეუძლიათ ავიაბილეთებისა და სასტუმროების დაჯავშნა, საბოლოოდ გადამწყვეტი ფაქტორი ფასი ხდება“, - აცხადებს ლევან ოსეფაიშვილი.

როგორც Check-In Travel-ის დირექტორი განმარტავს, ტურისტული კომპანიები მომხმარებლებს შეკრულ ტურპაკეტებსა და უფრო ბიუჯეტურ ფასებს სთავაზობენ, რაც განსაკუთრებით აზიის მიმართულებით მოგზაურობისას მნიშვნელოვანი უპირატესობაა.

„მოგზაურები, რომლებიც თავად გეგმავენ ტურებს, ხშირად გვწერენ და ადარებენ ფასებს. ჩვენი შეკრული ტურპაკეტებისა და პარტნიორული ქსელის საშუალებით მომხმარებლებს ბევრად უკეთეს ფასს ვთავაზობთ. სწორედ ამიტომ, ევროპასა და აზიას შორის შესაძლოა 70–80%-იანი სხვაობაც კი იყოს - აზიის შემთხვევაში მომხმარებლები მეტწილად ტურისტულ პაკეტებს იყენებენ და თავს იკავებენ თვითდაჯავშნისგან“, - აღნიშნავს ოსეფაიშვილი.

ოსეფაიშვილი AI-ს ჩართულობას აფასებს და ამბობს, რომ მართალია, მოგზაურობის დაგეგმვის პროცესში ხელოვნური ინტელექტი უკვე ძალიან აქტიურად გამოიყენება, თუმცა ის ადამიანურ რესურსს სრულად ვერ ჩაანაცვლებს.

„ხელოვნური ინტელექტი ნამდვილად თამაშობს თავის როლს მოგზაურობის დაგეგმვაში, თუმცა თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ტურისტულ კომპანიებსა და კადრებს ის ჯერჯერობით ვერ ჩაანაცვლებს. რა იქნება მომავალში, ამას დრო გვიჩვენებს“, - აცხადებს Check-In Travel-ის დირექტორი.

კომპანიაში მიაჩნიათ, რომ განსაკუთრებით შორეული და რთული მიმართულებების შემთხვევაში, როგორიც აზიაა, პროფესიონალური კონსულტაცია, გამოცდილება და პარტნიორული ფასები მომხმარებლისთვის კვლავ გადამწყვეტ უპირატესობას წარმოადგენს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები