მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

აზიაში სუპერტაიფუნს სულ მცირე 20 ადამიანი ემსხვერპლა

აზია

ჰონკონგში, ჩინეთსა და ტაივანში სუპერტაიფუნ “რაგასას” მიერ გამოწვეულ ძლიერ ქარს, წვიმასა და შტორმს ებრძვიან. სტიქიას რეგიონში სულ მცირე 20 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა - ამის შესახებ უცხოური მედია იტყობინება.

მასშტაბური ზარალი ჰონკონგმა ოთხშაბათს მიიღო, როდესაც ძლიერი ქარის შედეგად წაიქცა ხეები და დაიტბორა ქუჩები და შენობა-ნაგებობები. შტორმის შედეგად ზღვის ტალღების სიმაღლე 3 მეტრს აღემატებოდა. ტაიფუნი ჰონკონგს შუადღიდან ნელ-ნელა დაშორდა და პროგნოზში მხოლოდ ძლიერი ქარი დარჩა. ჰონკონგის ობსერვატორიამ გაფრთხილების უმაღლესი დონე გამოაცხადა.

მაკაოში, სადაც ასევე მასშტაბური წყალდიდობა მოხდა, ზოგიერთ დასახლებას ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდა.

რეგიონალური ხელისუფლების წარმომადგენლების ცნობით, ტაივანში, აღმოსავლეთ ჰუალიენის ოლქში , “რაგასას” შედეგად სულ მცირე 17 ადამიანი დაიღუპა და 18 დაშავდა. 2 ადამიანი იმსხვერპლა ტაიფუნმა ფილიპინების ჩრდილოეთ ნაწილში.

სკოლებისა და კერძო ბიზნესების დახურვის მითითება გასცა ჩინეთის ხელისუფლებამ ქვეყნის სამხრეთით 10-მდე ქალაქში, შეზღუდვა მილიონობით ადამიანს შეეხო. სამხრეთ-აღმოსავლეთით, შენჟენის პროვინციაში კი 400 000 ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა. ჩინეთის ტექნოლოგიური ცენტრის საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა განაცხადა, რომ სამაშველო ძალების და ადამიანების საარსებო წყაროს უზრუნველყოფის საკითხებში მონაწილე პირების გარდა, მოქალაქეებს ქუჩებში გადაადგილება ეკრძალებათ.

ოთხშაბათს საღამოსთვის ტაიფუნი შესუსტდა და”სუპერიდან” “ძლიერ” კატეგორიამდე ჩამოქვეითდა. მოსალოდნელია, რომ ქარიშხალი ტონკინის ყურეს გასწვრივ, ჩინეთსა და ვიეტნამს შორის იმოძრავებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები