ლაშქრობები, ადგილობრივი კულტურის გაცნობა, ჯიპებით, მოტოციკლებითა და ცხენებით თავგადასავლები – თუშეთში, ომალოში მდებარე სასტუმრო კომპლექს „ნაბადის“ მენეჯერის, ნიკა სულაკაურის თქმით, ეს ის აქტივობებია, რომლებიც ძირითადად ევროპელი ტურისტებისთვის არის საინტერესო.
როგორც მან BM.GE-სთან საუბარში აღნიშნა, ტურისტული კომპლექსი ყოფილი სკოლა-პანსიონის ბაზაზე შეიქმნა, რომელიც 1935 წლიდან ფუნქციონირებდა და 2000-იან წლებში დაიხურა. შენობა 2019 წელს სრულად გარდაიქმნა და სასტუმროდ გადაკეთდა, თუმცა შენარჩუნებულია პირვანდელი იერსახე.
ნიკა სულაკაურის განმარტებით, შენობას მაქსიმალურად შეუნარჩუნეს ძველი იერსახე და სასტუმრო კომპლექსში დამსვენებლებისთვის მაქსიმალური კომფორტი შექმნეს.
„გადაწყვეტილება მივიღეთ, რომ შენობას პირვანდელი იერსახე შეგვენარჩუნებინა. ინფრასტრუქტურა სრულად მოვაწყვეთ, სასტუმრო კეთილმოწყობილია და მომხმარებელს მაქსიმალურ კომფორტს ვთავაზობთ“, - ამბობს სულაკაური.
როგორც ტურისტული ობიექტის მენეჯერი ჩვენთან საუბრისას ამბობს, სასტუმროს ინფრასტრუქტურა მოიცავს რესტორანსა და ბუნებრივ ფიჭვნარს დიდი ეზოთი, სადაც მოწყობილია საპიკნიკე ზონები.
მისივე ინფორმაციით, სტუმრებს განთავსების სერვისის გარდა, ცხენებით, ჯიპებით და საფეხმავლო ტურებს, ასევე ხინკლისა და ალუდის მასტერკლასებს სთავაზობენ, რომლებიც ვიზიტორებს შორის დიდი პოპულარობით სარგებლობს.
„სასტუმროს 18 სხვადასხვა კატეგორიის ნომერი აქვს, სადაც ჯამურად 40 ადამიანის მასპინძლობაა შესაძლებელი. სტანდარტული ორადგილიანი ნომრის ღირებულება საუზმით 220 ლარია, საუზმის გარეშე - 160 ლარი.
გარდა განთავსების სერვისისა, გვაქვს დიდი ეზო ფიჭვნარით, საპიკნიკე ზონებით, ულამაზესი ხედებით. გარდა ამისა, ვაკეთებთ ცხენებითა და ჯიპებით ტურებს. ასევე დამსვენებლებს ხინკლისა და ალუდის მასტერკლასებს ვთავაზობთ. დღეობის პერიოდში კი მათ ტრანსპორტირებას სასტუმროდან დღეობის ტერიტორიამდე და პირიქით უზრუნველვყოფთ”,- აცხადებს ნიკა სულაკაური და დასძენს, რომ თუშეთში სეზონურობა ბიზნესის მთავარ გამოწვევად რჩება.
მისივე განმარტებით, სეზონი ძირითადად ივნისის ბოლოდან იწყება და სექტემბრის პირველ კვირამდე გრძელდება. ყველაზე დატვირთული პერიოდი კი ივლისის მეორე ნახევრიდან აგვისტოს ბოლომდეა.
“სამწუხაროდ, თუშეთში ბიზნესის წარმოება სეზონურია. რეალურად ივნისის ბოლოდან სექტემბრის დასაწყისამდე ვმუშაობთ და ყველაზე დატვირთულია ივლისის მეორე ნახევრიდან აგვისტოს ბოლომდე. ფაქტობრივად, ამ პერიოდში სრულად დატვირთულია სასტუმრო. განსაკუთრებით შაბათ-კვირის პერიოდში ყველა ნომერი შევსებულია.
წელს, სასტუმროს 5 სექტემბერს ვხურავთ, რადგან გასული წლის გამოცდილებით, 5 სექტემბრის შემდეგ შარშან დამსვენებელი არ გვყოლია და ხარჯების დაზოგვის მიზნით წელს ადრე დახურვის გადაწყვეტილება მივიღეთ. წლიდან წლამდე სასტუმრო ვითარდება და ვცდილობთ ინფრასტრუქტურის განვითარებას, რადგან ვფიქრობთ, რომ რეგიონს დიდი პოტენციალი აქვს, რომლის მიმართ ინტერესი მომავალ წლებში გაიზრდება“, - თქვა მან.
რაც შეეხება უცხოელ ვიზიტორებს, მისივე ინფორმაციით, ქართველი და უცხოელი სტუმრების რაოდენობა თითქმის თანაბარია. უცხოელ ვიზიტორებს შორის წელს ყველაზე აქტიურები ისრაელიდან იყვნენ. ტურისტულ ობიექტს ასევე სტუმრები ევროპიდან და მცირე რაოდენობით რუსეთიდან და უკრაინიდან.
სულაკაური აღნიშნავს, რომ წელს აზიელი ტურისტები ტურისტულ ობიექტს არ ჰყოლია. მიიჩნევს, რომ ამის მიზეზი რეგიონისთვის დამახასიათებელი მკაცრი პირობებია. ისინი კი უფრო მაღალი კლასის დასვენებას ანიჭებენ უპირატესობას.
„წელს აზიიდან არავინ გვყოლია. ძირითადად, ევროპის ქვეყნებიდან მოდიან. ასევე, მცირე რაოდენობით რუსეთიდან და უკრაინიდან. რადგან თუშეთში მკაცრი პირობებია, აზიელი ტურისტები ძირითადად დედაქალაქში ან ბათუმში დასვენებას ანიჭებენ უპირატესობას.
მართალია ჩვენი სასტუმრო აქაური პირობების გათვალისწინებით მაღალი ხარისხისაა, თუმცა გზის და სხვა ინფრასტრუქტურული პირობების გამო, თავს იკავებენ. ჩვენთან ვინც მოდიან, ისინი ძირითადად სათავგადასავლო და ეკო ტურიზმს ანიჭებენ უპირატესობას. ლაშქრობები, ადგილობრივი კულტურის გაცნობა, ჯიპებით, მოტოციკლებით ან ცხენებით თავგადასავლები - ასეთი აქტივობები ძირითადად ევროპელი ტურისტების ინტერესშია“, - აღნიშნავს ნიკა სულაკაური.
სულაკაური ფიქრობს, რომ თუშეთს, როგორც ეკო და სათავგადასავლო ტურიზმის მიმართულებას, მნიშვნელოვანი პოტენციალი აქვს და რეგიონზე საერთაშორისო დაინტერესება, სავარაუდოდ, მომდევნო წლებში კიდევ უფრო გაიზრდება. შესაბამისად, ტურისტული ობიექტი წლიდან წლამდე ვითარდება და სამომავლო პერსპექტივაში გაფართოებასაც არ გამორიცხავს.




























