მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

აზიიდან ჯავშნების კლება მასშტაბურია - მაია მურაჩაშვილი

მაია მურაჩაშვილი

"სასტუმროების სტრატეგიული მართვის ჯგუფის" დამფუძნებელი მაია მურაჩაშვილი ამბობს, რომ ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე მოვლენების ფონზე ჯავშნების კლება მასშტაბურია.

როგორც მან BMG-სთან აღნიშნა, ბოლო პერიოდში აქცენტი სწორედ აზიის ბაზარზე კეთდებოდა, რამაც მკვეთრი გავლენა განაპირობა.

"სამწუხაროდ, კლება ძალიან მასშტაბურია. ჩვენ ბოლო პერიოდია ძირითადი აქცენტები გაკეთებული გვქონდა აზიის მხარეს, ანუ საქართველოში ძირითადად შემოდიან აზიიდან ტურისტები, რაც მიმდინარე მოვლენების გამო მთლიანად შეწყდა.

რაც შეეხება უშუალოდ როგორ აისახა ეს ბიზნესზე, სასტუმროში [Roshe Gudauri] მინდა გითხრათ, რომ საერთოდ არავინ ჩამოსულა, ვისაც ველოდებოდით და ეს არის დაახლოებით 90% მარტის ჯავშნების. თუმცა ფინანსურად მაინც შევძელით რაღაცების დაბალანსება - გამომდინარე იქიდან, რომ ძირითადად ონლაინ დაჯავშნის სისტემებს აქვთ უკან დაუბრუნებელი ფასების პოლიტიკა, ამის გამოყენებით და იმის გამოყენებით, რომ ეს ფორსმაჟორია და ნამდვილად ვიცით, რომ არ ჩამოვიდოდნენ, შევეცადეთ და მაქსიმალურად გადავატანინეთ სხვა თარიღებზე. ზოგიერთ შემთხვევაში ეს არის ზაფხულის თარიღები, ზოგიერთ შემთხვევაში ერთწლიანი კრედიტი მივეცით, რომ მომავალ წელს ჩამოვიდნენ, ისე რომ მაქსიმალურად შევეცადეთ ასე ვთქვათ ბიზნესი არ დაზარალებულიყო. წინააღმდეგ შემთხვევაში ეს იქნებოდა სრული ვარდნა. მინდა გითხრათ, რომ ბევრი დაგვეთანხმა ამაზე, თუმცა საკმაო ნაწილის თანხის დაბრუნება მაინც მოგვიწია, მაგრამ როგორც ხედავთ მომავალ წელს უნდა ვუმასპინძლოთ იმ ადამიანებს და ეს არის დაახლოებით 80% ჯავშნების, რომლებიც წელს უნდა ჩამოსულიყვნენ. ანუ გამოდის, რომ ეფექტი უკვე მომავალ წელზეც გადავიდა, ამ თანხას მომავალ წელს ვეღარ მივიღებთ. ასე რომ, ეს მხოლოდ ამ პერიოდის უკუეფექტი არ არის, ეს უკუეფექტი არის ხანგრძლივი, დროში გაწელილი და მომავალი წლის მარტზეც და შეიძლება თებერვალზეც კი იმოქმედოს. ზაფხულის ჯავშნების დიდი პროცენტი რისკის ქვეშ არის, რომ ისინიც აღარ მივიღოთ.

ამ ეტაპზე ჩვენთან შემოდიან უფრო მეტად აღმოსავლეთ ევროპა, დასავლეთ ევროპაც, რუსეთიც და აი ამის ხარჯზე მარტის მეორე ნახევარი არც ისე ცუდია. პირველი შოკური ეფექტი ჰქონდა მარტის პირველ ნახევარს, როცა ეს ყველაფერი დაიწყო. მარტის მეორე ნახევრიდან ჩვენ როგორც კი მივხვდით რომ ის ჯავშნები ვერ შემოვიდოდა და დიდი ალბათობით დავკარგავდით ტურისტებსაც, ბიზნესსაც და ფინანსებსაც, გადავანაწილეთ, ზოგი დავაბრუნეთ, ზოგი გადავუტანეთ და დავიწყეთ თავიდან გაყიდვა ამ ოთახების. მოთხოვნა სხვათა შორის წამოვიდა. ვაკვირდები კონკურენტებს არა მხოლოდ საქართველოში, არამედ სხვა ქვეყნებსაც და ძალიან მოიმატა ფასმა დასავლეთ ევროპის სამთო კურორტებზე. შესაბამისად, ჩვენთანაც გაჩნდა დასავლეთ ევროპელი ტურისტები. მარტის მეორე ნახევარში ხელი შეგვიწყო იმანაც, რომ ჩვენთან თოვს და მოთხილამურეები უფრო არიან ბოლო წუთის დამჯავშნელი ტურისტები, ვინც რეალურად სრიალებს, სადაც თოვლია იქით მიდიან. ამის კვალობაზე კიდევ არაუშავს მარტის მეორე ნახევარს. თუმცა შორ პერსპექტივაში რა იქნება ვერ გეტყვით",- ამბობს მაია მურაჩაშვილი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები