მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"აზიიდან შემოდიან ტურისტები და მათაც სომხეთში ვუშვებთ?!.. მასობრივი დეპორტაცია მიდის" - გიდი

ტურიზმი

ბოლო პერიოდში, საქართველოში ტურისტების მასობრივი დეპორტაცია მიმდინარეობს, - ამის შესახებ BM.GE-სთან გიდი, გიორგი ჩერქეზიშვილი საუბრობს.

მისი განმარტებით, დაბრკოლებების შექმნა მესაზღვრეების მხრიდან ძალიან დიდი ხანია საქართველოში გამოწვევაა. განსაკუთრებით, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში. თუმცა, ჩერქეზიშვილის თქმით, მასობრივი დეპორტაციის ფაქტები, ბოლო პერიოდში დაიწყეს.

“7 წელია ტურისტები ჩამომყავს. ტურისტებს, რომლებსაც აქვთ სასტუმროს ჯავშანი, დაზღვევა და ყველა საჭირო დოკუმენტი, არაერთი ფაქტია, რომ უკან გააბრუნეს. მასობრივად დაიწყეს ტურისტების უკან გაბრუნება. ძირითადად, პრობლემა გალფის ქვეყნებიდან ჩამოსულ ტურისტებს ექმნებათ. ეს ადამიანები, კრიმინალები ნამდვილად არ არიან, თუმცა საზღვარზე უკან ისე აბრუნებენ, რომ მიზეზსაც არ ეუბნებიან.

ასევე ერთი შემთხვევა იყო, როდესაც ბრიტანეთის ვიზის მქონე ინდოელი საზღვრიდან გააბრუნეს. აქედან გამომდინარე, ამ ქვეყნებში ინფორმაცია გავრცელდა. ადამიანები ერთმანეთს მოუწოდებდნენ, რომ საქართველოში აღარ წავიდნენ, რადგან ბილეთი ძვირი ღირს და მასობრივი დეპორტაცია მიდის. შედეგად, ტურისტებმა მასობრივად წასვლა სომხეთში დაიწყეს. ჩვენ დაქცეულ ქვეყანას კიდევ ტურისტის დაკარგვა უნდა?”, - ამბობს გიდი და აღნიშნავს, რომ ამაზე ხმას არავინ არ იღებს.

მისივე თქმით, "ტურისტებს საზღვარზე სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებენ და ფაქტობრივად, ადამიანად არ მიიჩნევენ". ის დასძენს, რომ შესაძლოა, ევროპელ ტურისტებსაც ადეპორტებენ, თუმცა ამის თქმა გიორგი ჩერქეზიშვილს უჭირს, რადგან ბოლო პერიოდში ძალიან ბევრმა ევროპელმა და ამერიკელმა ტურისტმა გააუქმა ვიზიტი.

“ქვეყანაში განვითარებული მოვლენების გამო, ევროპელმა და ამერიკელმა ტურისტებმა ჯავშნები გააუქმეს. ერთადერთი აზიიდან შემოდიან ტურისტები და მათაც სომხეთში ვუშვებთ?! - ისეთი სიტუაციაა საქართველოს ტურიზმში, რომ ხელშეწყობის ნაცვლად, ხელის შეშლა მიმდინარეობს”, - განაცხადა გიორგი ჩერქეზიშვილმა.

bm.ge დამატებითი დეტალებისა და სტატისტიკის გასარკვევად სხვა გიდებსაც და ასევე შესაბამის უწყებებს დაუკავშირდება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები