აზიის განვითარების ბანკმა დაამტკიცა 114 მილიონი დოლარის ოდენობის სესხი საქართველოში რეგიონული კავშირებისა და ტრანსპორტის ეფექტურობის გაუმჯობესებისა და ქვეყნის რეგიონულ სატრანსპორტო და ლოგისტიკურ ცენტრად ჩამოყალიბების ხელშეწყობის მიზნით.
პროექტის ფარგლებში აშენდება ახალი 14.3 კილომეტრის სიგრძის შემოვლითი გზა, რომელიც გვერდს აუვლის სიდიდით მეორე ქალაქს და აღმოსავლეთ-დასავლეთ მაგისტრალზე მდებარე ერთ-ერთ ძირითად სატრანსპორტო-სავაჭრო კვანძს–საპორტო ქალაქ ბათუმს.
"საქართველოს გააჩნია შესაბამისი მონაცემები გახდეს უფრო ძლიერი სატრანსპორტო და ლოგისტიკის ცენტრი კავკასიის რეგიონში, რაც დააჩქარებს ქვეყნის ზრდას და განვითარებას,", განაცხადა აზიის განვითარების ბანკის მუდმივი წარმომადგენლობის დირექტორმა იეშიმ ელჰან-კაიალარმა.
მისივე თქმით, აზიის განვითარების ბანკი მიზნად ისახავს პროექტის საშუალებით შეასრულოს მნიშვნელოვანი როლი ქვეყანაში სატრანსპორტო კავშირის გაუმჯობესებისა და მდგრადი საგზაო ქსელის ჩამოყალიბების საკითხებში.
ახალი ორზოლიანი შემოვლითი გზა, რომელიც იწყება სენაკი-ფოთი-სარფის საავტომობილო გზიდან და სრულდება ბათუმი-ახალციხის არსებული გზის გასაყართან, აღმოსავლეთ-დასავლეთის დამაკავშირებელი ავტომაგისტრალის შემადგენელი ნაწილა. საქართველოს ხელისუფლების მიზანია საქართველო იქცეს აზიისა და ევროპის დამაკავშირებელ კარიბჭედ. დაფინანსების ფარგლებში ასევე გაფორმდება 200 კილომეტრი სიგრძის საერთაშორისო და შიდა სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გზების შედეგზე ორიენტირებული მოვლა-შენახვის ხელშეკრულებები. აღნიშნულ ხელშეკრულებებში გათვალისწინებული იქნება აღდგენითი სამუშაოები, მოვლა-შენახვა და გადაუდებელი მომსახურება.
2007 წლიდან აზიის განვითარების ბანკმა 2.1 მილიარდ დოლარზე მეტი გამოყო საქართველოში ოპერაციების დასაფინანსებლად.
აზიის განვითარების ბანკი, რომლის სათავო ოფისი მანილაში, ფილიპინებზე მდებარეობს, მიზნად ისახავს აზიასა და წყნარი ოკეანის რეგიონში სიღარიბის დონის შემცირებას ეკონომიკური ზრდის, გარემოსდაცვითი ღონისძიებების და რეგიონული ინტეგრაციის მეშვეობით. დაარსდა რა 1966 წელს ბანკი რეგიონში განვითარების ხელშეწყობის 50 წლის იუბილეს აღნიშნავს. ბანკი აერთიანებს 67 წევრ ქვეყანას, საიდანაც 48 აღნიშნული რეგიონის წარმომადგენელია.

























