მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

აზიის სამხრეთით სტიქიას სულ მცირე 1400 ადამიანი ემსხვერპლა

აზია

ინდონეზიაში, შრი-ლანკაში, ტაილანდსა და მალაიზიაში გასულ კვირას მომხდარმა მასშტაბურმა წყალდიდობამ სულ მცირე 1 400 ადამიანი იმსხვერპლა. სტიქიის შედეგად რეგიონმა მწვავე ეკონომიკური ზარალიც მიიღო.

ტროპიკული შტორმების, ორი ციკლონისა და ტაიფუნის შედეგად წყალდიდობას ყველაზე მძიმე შედეგი ინდონეზიაში მოჰყვა, სადაც გარდაცვლილთა რაოდენობა 753-ს აღწევს. შრი-ლანკაში კი მსხვერპლის რაოდენობა 465-ია, თუმცა ს პრეზიდენტმა ანურა კუმარა დისანაიაკემ განაცხადა, რომ ქვეყანაში გარდაცვლილთა ზუსტი რაოდენობის დადგენა ნაადრევია. ადგილობრივი მედია ადასტურებს, რომ ტაილანდში სტიქიას 185, მალაიზიაში კი 3 ადამიანი ემსხვერპლა. ამასთან, ოფიციალური ინფორმაციით, 1.5 მილიონს აღემატება სტიქიით დაზარალებულ პირთა რაოდენობა და თითქმის მილიონს აღწევს მათი რიცხვი, ვისი ევაკუაციაც განხორციელდა.

რეგიონში ძებნა-შველის სამუშაოები ამ დრომდე მიმდინარეობს. დაკარგულად ითვლება 1000-ზე მეტი ადამიანი, სოფლები კი, რომლებსაც ელექტროენერგია და ტელეკომუნიკაციები არ მიეწოდებათ, სრულად მოწყვეტილი არიან გარე სამყაროს. შრი-ლანკაში გამოცხადებულია საგანგებო მდგომარეობაც.

სტიქიამ სამხრეთ აზიის ქვეყნებს შორის ეკონომიკური უთანაწრობაც გამოავლინა. საშუალო შემოსავლის მქონე ინდონეზიასა და ტაილანდს ფართომასშტაბიანი სამაშველო ოპერაციების მობილიზება, სამხედრო აქტივების განლაგება და საგანგებო სახსრების გამოყოფა შეუძლიათ, მაშინ, როცა მძიმე ეკონომიკური კრიზისიდან გამოსვლის პროცესში მყოფი შრი-ლანკა შედარებით შეზღუდული რესურსებით მოქმედებს. ქვეყანა დახმარებისთვის უცხოელ დიპლომატებს მიმართავს.

შრი-ლანკაში წყალდიდობას, სავარაუდოდ, მნიშვნელოვანი გავლენა ექნება ეკონომიკაზე, რომელიც უპრეცედენტო ეკონომიკური კრიზისის შემდეგ მხოლოდ ახლახან დასტაბილურდა. კუნძულოვანი ერი ამჟამად საერთაშორისო სავალუტო ფონდის გადარჩენის პროგრამის ქვეშაა, რომელიც მოითხოვს, რომ მან დარჩენილი საგარეო ვალის დასაფარად უცხოური ვალუტა დაზოგოს. ეკონომიკური ზარალის სრული შეფასება ჯერ კიდევ მიმდინარეობს, თუმცა ინფრასტრუქტურისა და ეკონომიკური აქტივობის აღდგენის ხარჯები, სავარაუდოდ, სერიოზულ ზეწოლას მოახდენს შრი-ლანკის ხაზინაზე.

დაზარალებული ქვეყნების კლიმატის აქტივისტთა ჯგუფები აცხადებენ, რომ სტიქია არა ბუნებრივი, არამედ ადამიანის მიერ გამოწვეული შემთხვევაა, რადგან რეგიონში მიმდინარე ტყის ჩეხის პროცესი და არარეგულირებული მშენებლობა ბუნების გამძლეობას ასუსტებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები