მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"აზიმუტი" თბილისის მიმართულებით ფრენას კრასნოდარიდანაც ამატებს

აზიმუტი

რუსული ავიაკომპანია "აზიმუტი" თბილისის მიმართულებით ფრენებს კრასნოდარის აეროპორტიდანაც იწყებს. როგორც ამის შესახებ ავიაკომპანიის ვებგვერდზე ვკითხულობთ, კრასნოდარი-თბილისის რეისი პირველად 23 სექტემბერს შესრულდება.

"აზიმუტის" პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ ავიაკომპანია მგზავრებს, რომლებსაც მინვოდიდან და სოჭიდან გასამგზავრებელი ბილეთები ჰქონდათ შესყიდული, თბილისის ან დუბაის მიმართულებით, თავიანთი ბილეთების გადაცვლა კრასნოდარის აეროპორტიდან განსახორციელებელ რეისებზეც შეეძლებათ.

საქმე ისაა, რომ კრასნოდარის აეროპორტი ერთ-ერთია იმ 11 აეროპორტს შორის (როსტოვის, ანაპის, გელენჯიკის, ელისტის, ბელგოროდის, ბრიანსკის, კურსკის, ვორონეჟის, სიმფერპოლისა და ლიპეცკის აეროპორტებთან ერთად), რომლებიც, რუსეთ-უკრაინის ომის გამო, უსაფრთხოების მიზნით, 2022 წლის თებერვლიდან აღარ ოპერირებდნენ. მას შემდეგ, 2024 წლის მაისში ფრენები აღდგა ელისტის აეროპორტიდან, მიმდინარე წლის ივლისიდან კი - გელეჯინკიდან.

კრასნოდარის აეროპორტიდან ფრენების აღდგენის გადაწყვეტილება რუსეთის ტრანსპორტის სამინისტრომ 11 სექტემბერს გამოაცხადა, პირველი ფრენა კი 17 სექტემბერს, სტამბოლის მიმართულებით შესრულდება. ფრენები დაინიშნა თბილისის, დუბაის, ანტალიისა და ერევნის მიმართულებითაც.

კომპანიის ინფორმაციით, მინვოდიდან და სოჭიდან გასამგზავრებელი ავიაბილეთების გადაცვლა 2026 წლის 28 მარტამდე ჩანიშნულ რეისებზე შეიძლება, თუმცა ავიაკომპანიის ვებგვერდზე კრანსოდარი-თბილისის მიმართულებით ფრენები მხოლოდ 2025 წლის 24 ოქტომბრის ჩათვლით იძებნება, კვირაში ორი სიხშირით.

23 სექტემბრის რეისზე ბილეთის ფასი 16 200 რუბლიდან იწყება.

შეგახსენებთ, რომ საქართველოსა და რუსეთს შორის ავიამიმოსვლის აღდგენისა და საქართველოსთან სავიზო რეჟიმის გაუქმების შესახებ ბრძანება ვლადიმერ პუტინმა 10 მაისს გასცა. რუსულმა "აზიმუტმა" კი, პირველი ავიარეისი ფრენების განახლების შემდეგ 2023 წლის 19 მაისს შეასრულა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები