მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"აზიური ფაროსანა უკვე მთელ საქართველოშია გავრცელებული"

5a60c4ba65e8c
BM.GE
18.01.18 20:10
1449
აზიურ ფაროსანასთან ბრძოლისთვის მიმდინარე წელს 50 მილიონამდე ლარია გამოყოფილი და ღონისძიებები კი სამ ეტაპად განხორციელდება, - აღნიშნული თემით ’’საქმის კურსთან“ სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე გელა ხანიშვილი საუბრობს. 

-ბატონო გელა, ფაროსანასთან ბრძოლის ღონისძიებები სოფლის მეურნეობის სამინისტრომ სამ ეტაპად დაყო, დაიწყო თუ არა უკვე სრულმასშტაბიანი საინფორმაციო კამპანია? 

-რა თქმა უნდა ის ღონისძიებები, რომლებიც მიმდინარე წელს აზიური ფაროსანას წინააღმდეგ ბრძოლის პროგრამით არის გათვალისწინებული თანდათან ძალას იკრებს. გასული წლის ბიუჯეტის კორექტირებულ ვარიანტში დამატებით გამოიყო რესურსები აზიურ ფაროსანასთან წინააღმდეგ გასატარებელი ღონისძიებებისთვის. ამავე ბიუჯეტით განგვესაზღვრა და იმავე წელს გამოგვეყო თანხები იმ ტექნიკური საშუალებების შესაძენად, რომელიც აუცილებელია. 2018 წლის ბიუჯეტით კი 14 მილიონი არის გამოყოფილი იმ 50 მილიონიდან, რომელიც უშუალოდ პროცესის განხორციელებას, მეცნიერებას და საზოგადოებასთან ურთიერთობას მოხმარდება. აღნიშნული სამი ფუნდამენტური თეზისი ერთიანი და განუყოფელია და მთელი ეს კამპანია თავისი შინაარსით ერთ ძალზედ მნიშვნელოვან კონცეპტუალურ ხედვას ეფუძნება. ეს არის - ერთად ვებრძოლოთ და დავამარცხოთ ფაროსანა. ეს საზოგადოებისადმი მიმართვაა, რადგან სახელმწიფო და კერძო სტრუქტურა ცალ-ცალკე აღნიშნულ პრობლემას ვერ გაუმკლავდებიან. ჩვენი მიდგომა ეფუძნება იმას, რომ ქართული საზოგადოება მზად არის. 

-როგორ ფიქრობთ, ფერმერების, ასოციაციების და საზოგადოების მობილიზება რთული პროცესია, ამ მიმართულებით რა გეგმები გაქვთ? 

-სირთულე, რა თქმა უნდა, არის, თუმცა სწორედ ამაშია საქმე, რომ იმ ძალიან მძიმე გამოცდილებამ, რომელიც ქვეყანაში დაგროვდა, ნათლად დაგვანახა, რომ აზიური ფაროსანა, როგორც მავნებელი ჯერჯერობით პრობლემას ძირითადად დასავლეთ საქართველოსთვის წარმოადგენს, თუმცა ცხელი ხაზის მასალების მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, მავნებელი უკვე მთელ საქართველოშია გავრცელებული და ჩვენ იმ ეკონომიკური ზიანის შესამცირებლად უნდა ვიბრძოლოთ, რომელიც აზიურ ფაროსანას შეუძლია მოგვაყენოს. ეს ზიანი ქართულ სოფლის მეურნეობას ადგება და ქართველი ფერმერები, რომლებიც ბიზნესს აწარმოებენ და მათი ოჯახების შემოსავლის წყაროს ის სასოფლო-სამეურნეო კულტურები წარმოადგენს, რომლებსაც აზიური ფაროსანა აზიანებს. ფერმერები ბუნებრივია მოტივირებულები არიან, რომ ცოდნა მიეცეთ და ისინი მზად არიან სახელმწიფოსთან ერთად აღნიშნულ პრობლემას გაუმკლავდნენ. საზოგადოების გვერდში სახელმწიფო დგას და ეს მსოფლიო გამოცდილების გაზიარებაა. აზიური ფაროსანა არა მხოლოდ საქართველოში, არამედ იტალიაში, ესპანეთში, აშშ-ში, თურქეთში, შვეიცარიასა და საფრანგეთშიც არის გავრცელებული. 

-კონკრეტულ რეკომენდაციებს მოსახლეობას როგორ აწვდით? 

-ჩვენ ბრძოლა და რეკომენდაციების გაცემა ახლა არ დაგვიწყია. მხოლოდ დღევანდელ დღეზე არ ვართ დამოკიდებული. თუ როგორ უნდა ებრძოლო რეკომენდაციები 2017 წლის სექტემბერში დავარიგეთ. 10 000 ოჯახში, სადაც ყველაზე მტკივნეულად იდგა აღნიშნული პრობლემა პაკეტები გადავეცით, რომელშიც ის ინფორმაციაა, რაც იმ მიწის ნაკვეთების მოვლას უკავშირდება, რომელიც მათ კუთვნილებაშია. ამავე პაკეტში გაწერილია რომელ თვეში რა უნდა გავაკეთოთ, ზამთრის პირობებსა და გაზაფხულზე როგორ ვებრძოლოთ, აგროღონისძიებების კალენდარი როდის დავიწყოთ და ა.შ. პროგრამა, რომელიც ჩვენ შევიმუშავეთ, მიმდინარე წლის პროგრამაა, თუმცა მისი საფუძველი 2017 წელია. ეს დინამიური პროგრამაა, რომელიც ვითარდება. აღნიშნულ პროგრამაში ჩართულები არიან სამინისტროები, მეცნიერებათა აკადემია, სამთავრობო სტრუქტურები, პარლამენტი და ა.შ. 

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები