სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, აზიური ფაროსანას საწინააღმდეგო ღონისძიებები ოქტომბრის ბოლომდე გაგრძელდება.
სეს-ის თანახმად, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე კახა კაკაბაძემ აბაშის მუნიციპალიტეტში, აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის საკოორდინაციო მართვის ცენტრში გამართულ სამუშაო შეხვედრაზე მავნებლის საწინააღმდეგო ღონისძიებების შესახებ ანგარიში მოისმინა.
სააგენტოს ინფორმაციით, აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის პროცესი სახელმწიფო პროგრამის შესაბამისად წარიმართა: პირველ ეტაპზე განხორციელდა მონიტორინგი, რომლის შედეგების გათვალისწინებითაც მომდევნო ეტაპზე წამლობა განხორციელდა.
დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოს რეგიონებში წლის განმავლობაში თერმული ნისლით დამუშავებულია 213 750 ჰა ფართობი, ცივი შესხურების ტექნოლოგიით შეიწამლა 107 601 ჰა ფართობი, განთავსდა 7019 ერთეული ფერომონიანი დამჭერი და 153 584 ერთეული „მოიზიდე და გაანადგურე“ ფერომონი.
„სურსათის ეროვნული სააგენტო აქტიურად ახორციელებს აზიური ფაროსანასა და სხვა მავნე მწერების მიმართ ღონისძიებებს. მინიმუმამდე არის შემცირებული ის ზარალი, რაც უნდა მიეყენებინა ფერმერებისთვის ამ მავნე მწერებს“, - განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, კახა კაკაბაძემ.
სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსის მოადგილის, ზურაბ ლიპარტიას თქმით, ამ ეტაპზე, როდესაც აზიური ფაროსანა გამოსაზამთრებლად ემზადება და ამისთვის შენობებს ირჩევს, უმნიშვნელოვანესია მოსახლეობის ჩართულობა და მექანიკური მეთოდების გამოყენება.