,,ბაბანეურის მარნის“ ნატურალური ღვინოები კალიფორნიასა და ნიუ იორკში, უმსხილეს მაღაზიებში გაიყიდება, ამის შესახებ Bm.ge-ს საოჯახო მარნის დამფუძნებელმა ნინო ნინუამ განუცხადა. ბიზნესი ანზორ და ვახო იდოიძეებს ეკუთვნით, მეღვინეებიც თავად არიან.
,, გასული წლის ნოემბერში მივიღეთ მონაწილეობა ნატურალური ღვინის გამოფენაში, რომელიც ამერიკის ამ ქალაქებში გაიმართა, ჩვენი ღვინო იქ მოეწონათ და გადაწყვიტეს შეესყიდათ. ასე გავედით ამერიკის ბაზარზე, პირველ ეტაპზე 400 ბოთლი გაიგზავნება, შემდეგ კი შეკვეთა გაიზრდება.
ღვინოს 2004 წლიდან ვაწარმოებთ და მას ძირითადად ევროპაში ვყიდით, კერძოდ: საფრანგეთში, გერმანიაში, ბელგიაში, დანიაში და ჰოლანდიაში. საქართველოში მხოლოდ ორ ადგილას იყიდება ჩვენი პროდუქცია, საბურთალოზე ღვინის სპეციალიზებულ მაღაზიაში ,, რვა ათას მოსავალში“ და ბარში ფილარმონიასთან.“ - განაცხადა ნინო ნინუამ.
,,ბაბანეურის მარანი“ ღვინოს საკუთარ ვენახებში მოწეული მოსავლით აწარმოებს, რომელიც ახმეტაში, სოფელ ბაბანეურში, ნაკრძალის მიმდებარედ, 10 ჰექტარზეა გაშენებული. მარნის წარმადობა 15 ათასი ბოთლია. იქ ოთხი სახეობის ღვინოს აწარმოებენ: ქისს, საფერავს, რქაწითელს და კახურ მწვანეს. ოჯახს ვენახში მარანთან ერთად მცირე ზომის სასტუმროც აქვს, სადაც ტურისტებს მასპინძლობენ.
,, ჩვენი ვენახი ქისის მიკროზონაში მდებარეობს, უკვე ოთხი წელია ბიოსტანდარტს ვნერგავთ, ვენახში გვაქვს მცირე ზომის მარანი და სასტუმრო, სადაც ცხრა ნომერია, ვამატებთ საკონფერენციო დარბაზს, რომელიც დასრულების პროცესშია, სტუმრებისთვის ღვინის დეგუსტაციებს ვატარებთ, გვაქვს პურის საცხობი, ჭაჭის გამოსახდელი, ჩურჩხელა, რთველი, ანუ გასტრონომიული კუთხითაც ვმუშაობთ ტურიზმის მიმართულებით“ - განაცხადა ნინო ნინუამ.

























