მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ბაჩიაშვილი ხსნის, როგორ მოჰპარა ქვეყანას ივანიშვილმა "ოფშორების კანონით" დიდი ოდენობით ფული

გიორგი ბაჩიაშვილი

თანაინვესტირების ფონდის ყოფილი ხელმძღვანელის გიორგი ბაჩიაშვილის თქმით, „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილმა, „ოფშორების კანონის“მიღებით, ქვეყანას დიდი ოდენობით ფული მოჰპარა.

როგორც მან "tv პირველთან" ექსკლუზიურ ინტერვიუში ისაუბრა, ივანიშვილმა „რუსული კანონის“ გარშემო ატეხილი აურზაური იმისათვის გამოიყენა, რომ „ოფშორების კანონი“ "გაეძვრინა".

გიორგი ბაჩიაშვილის თქმით, რეალურად „ოფშორების კანონი“ ივანიშვილს იმისთვის სჭირდებოდა, რომ 1 მილიარდი დოლარის ღირებულების ნახატების კოლექციაზე, რომელიც მან საქართველოში შემოიტანა, გადასახადები არ გადაეხადა.

„ოფშორების კანონი" ისეთ დროს შემოიტანა, როდესაც „რუსული კანონის“ გარშემო აურზაური იყო ანუ ის "გააძვრინა". რეალურად ეს რისთვის იყო გაკეთებული, რომ ივანიშვილმა 2022 წელს (თვითონ თქვა ჩემი ნახატების კოლექციას არ მატანდნენო), გამოატანეს ნახატების კოლექცია და მან შემოიტანა საქართველოში, დაახლოებით, 1 მილიარდი დოლარის ღირებულების კოლექცია. რა თქმა უნდა, მას არ უნდოდა არც დღგ-ის, არც ქონების და არც მოგების გადასახადის გადახდა ამ ნივთებზე, შესაბამისად, ეს კანონი ითვალისწინებს სამ რამეს:

1. {ოფშორებიდან გამოტანილი} აქტივები გათავისუფლდება მოგების გადასახადისგან, ანუ მომავალში რომ ამ აქტივებს მოგებით გაყიდის, ამაზე გადასახადი არ ექნება გადასახდელი. შესაბამისად, მილიარდის კოლექცია 5-10 წელიწადში, რომ გაყიდოს 2 მილიარდად, ის 200 მილიონი დოლარი რომელიც ბიუჯეტში უნდა გადაიხადოს, უბრალოდ ქართველი ხალხის ჯიბიდან ამოიღო. ასევე, ის განბაჟების და დღგ-ს საფასური - მილიარდ დოლარზე, დაახლოებით, 180 მილიონი დოლარი უწევს, მან ასევე ქართველი ხალხის ჯიბიდან ამოიღო.

2. ქონების გადასახადი, წლიური 1% რომელსაც ყველა იხდის თავის ქონებაზე, ყველა კომპანია იხდის თავის აქტივებზე, მან წელიწადში 10 მილიონი დოლარი პირდაპირ ქართველი ხალხის ჯიბიდან ამოიღო. ანუ 1 ოპერაციაში, დაახლოებით, 400 მილიონი დოლარი (მილიარდი ლარი) მოჰპარა სახელმწიფოს.

3. ამავე დროს, იოანე ზოსიმეს ხელნაწერს ყიდულობს რომ რამენაირად ზემოქმედება გააკეთოს მორწმუნე ხალხის არჩევანზე, რომ ისინი კარგად განაწყოს მის მიმართ. ამას აპიარებს და მეორე ჯიბით მილიარდ ლარს პარავს თავის ქვეყანას - ასეთი ქველმოქმედია ბიძინა ივანიშვილი“, - განაცხადა მან.

შეგახსენებთ, ოფშორების შესახებ საკანონმდებლო ცვლილებები პარლამენტმა დღეს მესამე მოსმენით დაამტკიცა. კანონპროექტის ავტორები "ქართული ოცნების" დეპუტატები არიან და ის დაჩქარებულ რეჟიმში განიხილეს. ცვლილებას მხარი დაუჭირა 73-მა დეპუტატმა, 9 კი წინააღმდეგი იყო. კანონის მიხედვით, ოფშორული კომპანიების მიერ აქტივების ქართულ კომპანიაზე გადაფორმებისას აქტივის მიმღები ქართული კომპანია შესაბამის აქტივზე დაბეგვრის ვალდებულებისგან გათავისუფლდება თუკი ოპერაცია შესრულდება 2028 წლის 1 იანვრამდე, ხოლო 2030 წლის 1-ელ იანვრამდე აღნიშნულ ოპერაციაში ჩართული საწარმო ოფშორული კომპანიისგან ფიზიკური აქტივის საქართველოში მიღებისას იმპორტის გადასახადისგან იქნება გათავისუფლებული.

ოპოზიციონერი დეპუტატების შეფასებით, კანონპროექტი "ქართული ოცნების" თავმჯდომარეზე ბიძინა ივანიშვილზეა მორგებული და მისი მიღება საერთაშორისო სანქციების მიმართ გაზრდილ მოლოდინებს უკავშირდება. საკანონმდებლო ცვლილების თანაავტორის, საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის, პაატა კვიჟინაძის თქმით, ეს ცვლილება ივანიშვილს არ უკავშირდება და რომც უკავშირდებოდეს, "ამით ცუდი არაფერი ხდება", ამასთან პაატა კვიჟინაძემ გამორიცხა შესაძლებლობა, რომ ივანიშვილი შეიძლება საერთაშორისო საფინანსო სანქციების სამიზნე გახდეს.

"საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო" მიიჩნევს, რომ „ქართული ოცნება” ოფშორებთან დაკავშირებულ საგადასახადო ცვლილებებს ბიძინა ივანიშვილს არგებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები