მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ბაჩიაშვილის გამოკითხვა თითქმის 5 საათი გაგრძელდა, ვითხოვთ მის დაზარალებულად ცნობას - ადვოკატი

გიორგი ბაჩიაშვილი

„თანაინვესტირების ფონდის“ ყოფილი ხელმძღვანელის გიორგი ბაჩიაშვილის ადვოკატი ლევან მახარაშვილი მოითხოვს, რომ ცემის ფაქტზე ბაჩიაშვილი დაზარალებულად ცნონ და საგამოძიებო მასალებზე წვდომა ჰქონდეთ.

„ჩვენი მოთხოვნა იყო და რჩება, რომ ამ საქმეზე გამოძიება ჩაატაროს საქართველოს პროკურატურამ, ვინაიდან გიორგი ბაჩიაშვილის განცხადებაში საუბარია იგივე ციხის დირექტორის და ერთ-ერთი თანამშრომლის შესაძლო მონაწილეობაზე. აღნიშნული ასევე დავაფიქსირეთ გამოკითხვის ოქმში. თავად გამოკითხვა იყო ძალიან დეტალური თითქმის 5 საათი გრძელდებოდა. ყველა დეტალი, მათ შორის ისეთი ნიუანსები, რომლებიც შესაძლოა, თავდაპირველად გავრცელებულ განცხადებაში არ ეწერა, სრულად მიაწოდა გამომძიებელს.

ცხადია, დავინტერესდით, ამოღებული და დაარქივებული არის თუ არა კამერების ჩანაწერები, რაზეც ამომწურავი პასუხი ვერ მივიღეთ, ხოლო მოქმედი კანონმდებლობის თანახმად, სანამ გიორგი ბაჩიაშვილი დაზარალებულად არ იქნება ცნობილი, ჩვენ მხარეს არ წარმოვადგენთ და სამართლებრივად ამ ინფორმაციის მოთხოვნა არ შეგვიძლია, თუმცა ვაპირებთ, რომ ორშაბათს განცხადებით მივმართოთ საქართველოს პროკურატურას და თუ მანამდე არ მოხდება გიორგის დაზარალებულად ცნობა, უკვე ამ ჩვენების საფუძველზე მოვითხოვთ მის დაზარალებულად ცნობას და შესაბამისად, საქმის მასალების გაცნობას“,- განაცხადა მახარაშვილმა.

ცნობისთვის, პატიმრობაში მყოფი გიორგი ბაჩიაშვილის ცემის შესახებ ინფორმაცია 14 ივლისს გავრცელდა. წერილი გაავრცელა თავად ბაჩიაშვილმაც, სადაც წერდა, რომ 11 ივლისს ციხეში თავს დაესხნენ და სასტიკად სცემეს. ბაჩიაშვილის თანახმად, თავდასხმამდე 3 დღით ადრე 8 ივლისს, დაწესებულების ხელმძღვანელმა დავით გოგობერიშვილმა ის ცალკე დაიბარა და „მეგობრულად ურჩია“, ბიძინა ივანიშვილს მისი საბანკო ანგარიშები, კრიპტობირჟების ბრუნვები და სხვა ფინანსური მონაცემები მიეწოდებინა. პენიტენციური სამსახურის მტკიცებით, ფაქტზე სამართლებრივი რეაგირება უკვე განხორციელდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები