მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ბაჩიაშვილის საქმე სტრასბურგში გაგრძელდება - რობერტ ამსტერდამი

ამსტერდამი

ბაჩიაშვილის განაჩენი ჯერ საქართველოში, პროცედურების დასრულების შემდეგ კი, სტრასბურგში გასაჩივრდება, - ამის შესახებ გიორგი ბაჩიაშვილის კანადელი ადვოკატი რობერტ ამსტერდამი აცხადებს.

ადვოკატთან ინტერვიუ "tv პირველმა" ჩაწერა, სადაც ამსტერდამი ამბობს, რომ ეს არის "კორუმპირებული სასამართლოს მიღებული კორუმპირებული გადაწყვეტილება".

"არ იყო არანაირი მტკიცებულება, ვერაფრით დადასტურდა დანაშაული. ეს არის კორუმპირებული სასამართლოს მიერ მიღებული კორუმპირებული გადაწყვეტილება. ამ საქმის მოსამართლე წარსულში მიღებული გადაწყვეტილებების გამო უკვე ისედაც სანქცირებულია ევროკავშირის წევრი ქვეყნების მიერ, რადგან ის დავალებებს ბიძინა ივანიშვილისგან იღებს - სულ ესაა.

საქართველო არ არის ქვეყანა, რომელიც პატივს სცემს კანონის უზენაესობას, ეს ტრაგედიაა ქართველი ხალხისთვის რომ ამ მოსამართლის მსგავსს მსაჯულებს ისეთი ადამიანების გასამართლების უფლება აქვთ, როგორიც ჩემი კლიენტია.

ეს ბრძოლა გაგრძელდება ჯერ საქართველოში შემდეგ კი სტრასბურგში - ჩვენ მოვძებნით საშუალებას რომ ამ კორუმპირებულ მოსამართლეს პასუხი გაეცეს, შეიძლება ითქვას რომ ბრძოლა ახლა დაიწყო. ქართველო ადვოკატების ჩართულობით ყველა საჭირო პროცედურა მაქსიმალურად შემჭიდროებულ ვადებში ჩაივლის", - აღნიშნავს ამსტერდამი.

"თანაინვესტირების ფონდის" ყოფილი ხელმძღვანელის, გიორგი ბაჩიაშვილის კიდევ ერთი ადვოკატი, ლევან მახარაშვილიც ამბობს, რომ ბრძოლას ბოლომდე აპირებენ.

"რომ გითხრათ, რაღაც ძალიან გასაკვირი იყო-თქო, ნამდვილად არა. თუმცა ისე დეტალურად მქონდა მე გამოძიებული სასამართლო ხარვეზებზე საუბარი, იმედს ვიტოვებდი, რომ სხვაგვარ გადაწყვეტილებას მიიღებდა სასამართლო. თუმცა არა უშავს, ბრძოლა გრძელდება! ეს არის მხოლოდ პირველი ეტაპი, პირველი ინსტანცია. თან, ცოტა უცნაური ფაქტი გახლავთ ის, რომ რამდენიმე მლნ-ის ქონება იყო დაყადაღებული და სასამართლო ეს ყადაღა მოხსნა და როგორც წესი, მსგავსი მუხლით თუ დგება განაჩენი, მიაქცევენ ხოლმე. სასამართლომ [ეს ქონება] სახელმწიფო საკუთრებად უსასყიდლოდ არ მიაქცია, რაც იმას ნიშნავს, რომ ამ დავის მეორე სერია დაიწყება, რაზეც მე ვისაუბრე დღეს დაცვითი სიტყვის დროს და მოლოდინი მაქვს, რომ გიორგი ბაჩიაშვილის მიმართ სამოქალაქო სარჩელი იქნება წარდგენილი და ამ სარჩელის ფარგლებში თავიდან დააყადაღებენ ამ ქონებას. მაგრამ არა უშავს, ვიბრძოლბეთ ბოლომდე სამოქალაქოთიც, სისხლითაც და თუ საჭირო გახდება - სტრასბურგშიც", - ამბობს ლევან მახარაშვილმა.

"tv პირველმა" ორივე ადვოკატს ჰკითხა, მიმართა თუ არა ბაჩიაშვილმა რომელიმე ქვეყანას თავშესაფრის თხოვნით. თუმცა, საკითხზე არცერთი მათგანი არ პასუხობს.

„თანაინვესტირების ფონდის“ ყოფილი გენერალური დირექტორი, "ქართული ოცნების“ დამფუძნებელი, ბიძინა ივანიშვილის კრიპტოვალუტის მითვისებაში ბრალდებულ გიორგი ბაჩიაშვილი სასამართლომ დამნაშავედ ცნო და მას 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

ქმედება 9-დან 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებდა, მოსამართლე გიორგი გელაშვილმა კი, სასჯელის ზომად 11-წლიანი პატიმრობა გამოიყენა.

შეგახსენებთ, გიორგი ბაჩიაშვილს “ქართული ოცნების” დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის კრიპტოვალუტის მითვისებას ედავებოდა. პროკურატურის მტკიცებით, საქმე ეხება 2017 წლის ქმედებას. კერძოდ, გამოძიების ცნობით, გიორგი ბაჩიაშვილმა ინვესტორს ჩადებული ინვესტიციიდან მიღებული სრული მოგების სანაცვლოდ, მხოლოდ 536 900 დოლარი გადასცა, ხოლო დარჩენილი, ინვესტორის კუთვნილი, 8 253.13 ოდენობის ბიტკოინი მართლსაწინააღმდეგოდ მიითვისა, რომლის ღირებულება მისი დაუფლების პერიოდში 39 215 820 დოლარს შეადგენდა. გასული წლის 6 ივლისს თანაინვესტირების ფონდის ყოფილ ხელმძღვანელს აღმკვეთი ღონისძიების სახით 2.5 მილიონ ლარიანი გირაო შეეფარდა. ამასთან, საქმის გამოძიების დასრულებამდე, მას ქვეყნის დატოვება აეკრძალა და პასპორტი ჩამოართვეს, თუმცა ბაჩიაშვილმა ქვეყანა დატოვა. ახლა, ბაჩიაშვილს თავისუფლების აღკვეთა საზღვრის უკანონო კვეთისთვისაც აქვს მისჯილი.

ბრალდებულმა და აწ უკვე მსჯავრდებულმა, საქართველო 2 მარტს სომხეთის საზღვრიდან გადაკვეთა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები